ENG / RUS       12+

ბესო ჯუღელი: ივანიშვილი დიდი ქველმოქმედია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი ხელს შეუწყობს დემოკრატიის განვითარებას

რესპოდენტის შესახებ

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ საზოგადოება უშიშრად, თამამად და ღიად საუბრობს "ნაციონალურიო მოძრაობის" ძალადობრივ და არადემოკრატიულ ქმედებებზე. რამდენად მართებულია ის, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ახორციელებს და რა შანსი აქვს არჩევნებზე ივანიშვილს - ამ საკითხებთან დაკავშირებით, "ჯი-ეიჩ-ენს" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ახლა უკვე ბიზნესში გადასული ბესო ჯუღელი ესაუბრა.

_ როგორია თქვენი დამოკიდებულება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით?

_ ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია, პრინციპში, დადებითია, მაგრამ უმუშევრობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.

_ როგორ ფიქრობთ, უმუშევრობის შესამცირებლად, ხელისუფლება ადეკვატურ ნაბიჯებს დგამს?

_ ამ მიმართულებით ხელისუფლება გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, თუმცა, სამწუხაროდ, უმუშევრობის პრობლემა კიდევ არსებობს.

_ ბევრი საუბრობს იმაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დემოკრატიულ პრინციპებს მოკლებულია და მისი ქმედებები დაფუძნებულია ძალადობაზე. თუ იზიარებთ ამ მოსაზრებას?

_ ხელისუფლებაში რა ძალაც არ უნდა მოვიდეს, შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ეჭვი მეპარება, იმ ძალამ დემოკრატიის განვითარებას შეუწყოს ხელი. ვფიქრობ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველაფერი გააკეთა ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების განვითარებისთვის. შესაძლოა, საქართველოში არ გვაქვს ისეთი დემოკრატია, როგორც, მაგალითად, დანიასა და ნორვეგიაში, მაგრამ სააკაშვილმა საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგა. ",ნაციონალური მოძრაობის" გარდა ხელისუფლებაში რომელი პოლიტიკური ძალაც არ უნდა მოვიდეს, არა მგონია, მათ დემოკრატიის დამყარება შეძლონ.

_ რატომ გაქვთ ასეთი პრინციპული დამოკიდებულება, მხოლოდ "ნაციონალები" არიან დემოკრატიული პრინციპების ერთგული?

_ "ნაციონალურმა მოძრაობამ" აჩვენა, რომ ის დემოკრატიის განვითარებისთვის ნამდვილად იბრძვის. თუმცა საქართველო ჯერ მზად არა არის დემოკრატიისთვის.

_ რატომ? რა არის მიზეზი?

_ ქართველი ხალხი ამ ეტაპზე მზად არ არის ჭეშმარიტი დემოკრატიისთვის. ამავე დროს, სათანადოდ განვითარებული არაა დემოკრატიული ინსტიტუტები?

_ როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა შეამზადოს ხალხი ჭეშმარიტი დემოკრატიისთვის?

_ მგონია, რომ ამ საქმეში ხელისუფლებამ უნდა შეიტანოს წვლილი და საზოგადოება მათ უნდა შეამზადონ.

_ როგორც თქვენ ამბობთ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას შეუწყო ხელი და ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. მაშინ რატომ დატოვეთ პოლიტიკური ბრძოლის ველი და გაერიდეთ სიტუაციას?

_ იმისთვის, რომ ადგილი დავუთმე ჩემზე უფრო მომზადებულ საზოგადოებას.

_ ახალგაზრდებს გულისხმობთ?

_ აუცილებელი არ არის, მაინცდამაინც ახალგაზრდა იყოს, ვგულისხმობ ჩემზე მეტად პროგრესულ ძალებს.

_ თითქმის შვიდ თვეზე მეტია, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა. თქვენ როგორ შეაფასებთ ივანიშვილის შანსებს და მის გადაწყვეტილებას პოლიტიკაში შემოსვლის თაობაზე?

_ შანსები ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად დიდი აქვს და ღმერთმა ხელი მოუმართოს. თუმცა მეორე საკითხია, რას გააკეთებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.

_ როგორია თქვენი მოლოდინი, რა შეიძლება გააკეთოს ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ?

_ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად დიდი ქველმოქმედია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას. ამაში მე, პირადად, ეჭვი მეპარება.

_ რატომ გეპარებათ ეჭვი, ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიულ პრინციპებს პატივს არ სცემს?

_ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად დემოკრატი ადამიანია, იდეები კარგი აქვს, მაგრამ მეორე საკითხია, მის ირგვლივ გაერთიანებული გუნდი რამდენად შეუწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას. არიან კი ამისთვის მზად ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური ძალები?

_ არ მოგწონთ ის გარემოცვა, რომელიც ივანიშვილმა შემოიკრიბა?

_ სამწუხაროდ, ამ ძალებისგან დიდი მოლოდინი არ მაქვს.

_ სააკაშვილისთვის ივანიშვილი ერთ-ერთ ძლიერ კონკურენტად მიიჩნევა. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტი დაუშვებს ქვეყანაში თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას?

_ ეჭვი არ მეპარება, რომ შემოდგომაზე არჩევნები დემოკრატიულად ჩატრდება და ყველაფერი გაყალბების გარეშე ჩაივლის.


"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი

ავტორი: . .