ENG / RUS       12+

არაფერმა გააოგნა კლინტონი ისე ძალიან, როგორც მოულოდნელმა საჩუქარმა - ქართულმა პასპორტმა.

ჰილარი კლინტონის მოგზაურობა სამხრეთ კავკასიაში გასულ კვირას მოულოდნელი მოვლენების მთელ წყებას დაემთხვა - სომხურ-აზერბაიჯანული ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე ძალადობა განახლდა, ხოლო რუსეთმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს იმაში დასდო ბრალი, რომ ის საქართველოს თავის სეპარატისტულ რეგიონებზე ახალი თავდასხმისკენ აქეზებს. მაგრამ, როგორც ჩანს, არაფერმა გააოგნა კლინტონი ისე ძალიან, როგორც მოულოდნელმა საჩუქარმა - ქართულმა პასპორტმა.

მათთვის ჩვეული ეშმაკობით, საკუთარი მთვარობის რეფარმატორობით ამაყმა ქართველმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაოგნებულ დიპლომატს, იმის დემონსტრირებისთვის, თუ რა სწრაფად მუშაობენ მისი მეთვალყურეობის ქვეშ ოდესღაც ასე არაეფექტური საჯარო სამსახურები, ქართული პასპორტის ასლი გადასცა.

კლინტონმა კამერების წინ ნერვულად გაიცინა, სააკაშვილმა კი განაცხადა, „ახლა თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ქართულ არჩევნებში, პრობლემა არაა." ამერიკის ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი, როგორც ჩანს, თავს უხერხულად გრძნობდა.

განზრახ, თუ უნებლიეთ, ეს ხრიკი, იმ საპასპორტო დრამის პირქუშ სატირას დაემსგავსა, რომელმაც საქართველოს პოლიტიკა წელს მოიცვა და, რომელიც საკუთარ თავში ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის სერიოზული შედეგების საფრთხეს შეიცავს.

გასულ ოქტომბერს, მილიარდერმა ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილა განაცხადა, რომ ოპოზიციური კოალიციის შექმნა და წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის მთავრობის გამოწვევა გადაწყვიტა. თითქმის მყისიერად, მთავრობამ ჩამოართვა ივანიშვილს მოქალაქეობა ფორმალური მიზეზით, რადგან ის საფრანგეთის მოქალაქეც იყო. შემდეგ კი პარლამენტმა მიიღო ჩასწორებების მთელი ნაკადი პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ამ ჩასწორებებით ივანიშვილს, როგორც არამოქალაქეს, ეზღუდება ოპოზიციური აქტივობების დაფინანსება.

მას შემდეგ რაც სამართლებრივი ნაბიჯები წარუმატებელი აღმოჩნდა, ივანიშვილმა მოქალაქეობის დაბრუნება ნატურალიზაციის გზით მოითხოვა, მაგრამ აპრილში უარი მიიღო იმ საბაბით, რომ ის ფორმალურად კვლავ საფრანგეთის მოქალაქეა, თუმცა უკვე უარი ჰქონდა ნათქვამი მასზე. საფრანგეთის საელჩომ თბილისში განაცხადა, რომ გააუქმებს მის მოქალაქეობას, ნატურალიზაციის შემდეგ და არა მანამდე, რადგან საპირისპირო შემთხვევაში, ივანიშვილი საერთოდ მოქალაქეობის გარეშე რჩებოდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უარს „არაკანონიერი" უწოდა, ხოლო ელჩმა ბასმა მთავრობას მოუწოდა ისე გამოიყენოს თავისი კანონები მოქალაქეობაზე, რომ განამტკიცოს „კანონის წინაშე თანასწორობა" და გადაწყვიტოს დავა „სამართლიანად და სწრაფად".

ამიტომ, როდესაც სააკაშვილმა გასულ კვირას კლინტონს პასპორტი გადასცა და განუცხადა, რომ მას შეუძლია საქართველოში, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ეს არ იყო მხოლოდ მხიარული, გულუბრყვილო ხუმრობა, ამბობს ლინკოლნ მიტჩელი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი, პროფესორი. მიტჩელმა, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმს ორი წიგნი მიუძღვნა, განაცხადა, რომ სააკაშვილმა ამ ჟესტით „აბუჩად აიგდო ქართული ოპოზიცია და ამერიკის მთავრობა".

„იმედი მაქვს, რომ ვისაც არ უნდა მოსვლოდა ეს იდეა თავში სააკაშვილის (მთავრობაში), მას დაითხოვენ, რადგან გზავნილი ასეთი იყო: მის ქვეყანაში პასპორტი სათამაშოა. ეს იყო ამერიკელების შეურაცხყოფა, რადგან ისინი კულუარებში ჩუმად სთხოვდნენ მათ (ივანიშვილის) მოქალაქეობის სათანადოდ გადაწყვეტას, და თუ სააკაშვილს ჰგონია, რომ ეს ხუმრობაა, მას მართლაც არ ესმის რა ხდება ახლა შეერთებულ შტატებში," განაცხადა მიტჩელმა.

ერთდროულად მატულობს შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველო დემოკრატიას განუდგა და პარალელურად, ივანიშვილისთვის კაპიტოლიუმის ბორცვზე ლობისტურ ძალისხმევას მიმართავენ. The Washington Post-ი მაისში იუწყებოდა, რომ ივანიშვილმა მხოლოდ 2012 წლის პირველ კვარტალში ვაშინგტონში სამ ლობისტურ ფირმას $850,000 გადაუხადა. საქართველოს მთავრობამ იმავე პერიოდში კონგრესში ლობირებისთვის $375,000 დახარჯა. თებერვალში, იმ დღეს, როდესაც სააკაშვილი აშშ-ს პრეზიდენტს, ბარაქ ობამას ხვდებოდა, ივანიშვილმა New York Times-შიც და Washington Post-შიც მთელი სარეკლამო გვერდი შეიძინა და დაგმო საქართველოს „სუპერ-ცენტრალიზებული, თითქმის ნეო-ბოლშევიკური მართვის სტილი, რომელსაც თავისთავად დიდი ხანია გაუვიდა ყავლი."

„ეს ვაშინგტონში ლეგიტიმაციისთვის მიმდინარე ბრძოლაა," უთხრა Washington Post-ს გასულ თვეში კავკასიის ექსპერტმა თომას დე ვაალმა. „ორი საარჩევნო კამპანიაა ერთი საქართველოში, ქართველთა ხმებისთვის და მეორე - ვაშინგტონში ლიდერობისთვის".

ჯერჯერობით ივანიშვილის ლობისტების ერთადერთი მიღწევა, დემოკრატი კონგრესმენის, ჯიმ მაკდერმოტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი იყო. ეს კანონპროექტი ამერიკის მთავრობისგან მოითხოვს, შეუწყდეს საქართველოს დახმარება, თუ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადასტურებს, რომ არჩევნები ჩატარდა „სამრთლიანად, თავისუფლად და კონკურენტულ გარემოში."

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი, ალბათ, ვერ გავა, ეს თბილისისთვის მძიმედ მოსანელებელი ამბავი იქნებოდა, რადგან საქართველოს ბიუჯეტს, ეს ბოლო ათწლეულია, ზურგს უმაგრებს აშშ-ს განვითარების გრანტები, ომის შემდგომი რეკონსტრუქციის სესხი, რომლებიც მილიარდობით დოლარს შეადგენს და უშუალო ტრეინინგსა და დახმარებასაც მოიცავს. საქართველოს მოსახლეობა 4.5 მილიონია და ამ დროს ეს ქვეყანა, USAID -ის მონაცემების თანახმად, 2010 წელს, ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, აშშ-ს ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მეხუთე ადგილზე იყო მსოფლიოში - მან $420 მილიონი მიიღო.

ვიზიტის დროს, კლინტონი შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს და განაცხადა, რომ საქართველოსგან „ამ შემოდგომაზე ელის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ძალაუფლების დემოკრატიულ გადაცემის დასრულებას 2013 წელს", როდესაც სააკაშვილის ვადა ამოიწურება და ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებს.

უფრო მეტიც, მარტში, თანამდებობაზე დამტკიცების პროცედურაზე, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, საქართველოში აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე დასახელებულმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, რომ არჩევნები „ლაკმუსის ქაღალდი" იქნება იმის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა საქართველო ნატოს წევრი-ქვეყნის კრიტერიუმებს. არადა, ამ სტატუსის მოპოვება სააკაშვილისთვის, მისი საგარეო პოლიტიკური ამბიციების მარგალიტია.

„აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა საკმაოდ უნიკალური რამაა პოსტ-საბჭოთა სივრცეში," ამბობს კორი ველტი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ევროპული, რუსული და ევრაზიული კვლევების ინსტიტუტის ასოცირებული დირექტორი. „აშშ-სთვის საქართველო ჯერ კიდევ ის ევრო-ატლანტიკური ქვეყანაა, რომელიც თავის ჯერს ელოდება, უფრო მეტად, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანა სამეზობლოში. ამავე დროს, (...) ის, თუ როგორ იქნება აღქმული არჩევნების ეს ციკლი, აშშ-საქართველოს მომავალი ურთიერთობების განსაზღვრისათვის, საკვანძო ფაქტორი იქნება".

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სასწორზე ამდენი რამ დევს, საქართველოს მთავრობა არ ხსნის ზეწოლას ივანიშვილზე და მის კოალიციაზე. პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც აძლევს საშუალებას ივანიშვილს არჩევნებში, გარკვეული შეზღუდვით და საფრანგეთის მოქალაქის სტატუსით მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ უფლებადაცვითი ორგანიზაციები გმობენ „ქართული ოცნების" აქტივისტებზე ზეწოლისა და მათი დაშინების მთელ რიგ ფაქტებს.

11 ივნისს, თბილისის სასამართლომ ივანიშვილი 90.9 მილიონი დოლარით დააჯარიმა, იმისთვის, რომ თითქოს მან ქვეყანაში თავისი სხვადასხვა ბიზნესების მეშვეობით „ქართულ ოცნებას" უფასო და უპირატესი მომსახურება გაუწია. ჯარიმის თანხა საქართველოს წლევანდელი მთლიანი ბიუჯეტის შემოსავლის 2.1 პროცენტს და ივანიშვილის პირადი $6.4 მილიარდიანი ქონების 1.4 პროცენტს შეადგენს, იუწყებოდა Civil.ge.

მისი კამპანიის მსვლელობის ფონზე, კამპანიისა, რომელმაც საქართველოს ორ უდიდეს ქალაქში ათობით ათასი ადამიანი მიიზიდა, ივანიშვილი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი მთავრობის მზარდ სასოწარკვეთას ცხადყოფს.

„ხელისუფლება აგონიაშია. (პრეზიდენტი სააკაშვილი) ისტერიკაშია, რადგან მშვენივრად ესმის, რომ ყველაფერი ლოგიკური დასასრულისკენ მიდის," უთხრა ივანიშვილმა ადგილობრივ მედიას 13 ივნისს.

ჯერჯერობით, ივანიშვილი ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში უცხოეთის მოქალაქის სტატუსში და დაჟინებით ითხოვს მთავრობისგან მისი მოქალაქეობის აღდგენას. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პოპულარული პატრიარქი, ილია მეორეც მხარს უჭერს მისი მოქალაქეობის აღდგენას. კავკასიის კვლევითი რესურს- ცენტრის მიერ მარტში ჩატარებულ კვლევაც ადასტურებს, რომ ქართველთა 70 პროცენტი ამ აზრს ეთანხმება.

ამასობაში კი საქართველოს მთავრობა განაგრძობს პასპორტების დარიგებას, როგორც სიმბოლურად, ასევე რეალურად. პასპორტებს აძლევენ ვიზიტად მყოფ ჟურნალისტებს, დევნილ რუს დისიდენტებს, სამხრეთ აფრიკელ ფერმერებს, რომლებმაც უნდა გამოაცოცხლონ საქართველოს მომაკვდავი სასოფლო-სამეურნეო სექტორი.

ანასტასია ბელოუსოვა, უკრაინული ყოველდღიური გაზეთის „სეგოდნიას" ჟურნალისტი, ამ წლის დასაწყისში ესტუმრა ქართულ საპორტო ქალაქს, ბათუმს. ის იმ პრესტურის მონაწილე იყო, რომელიც ქართულმა მთავრობამ მოაწყო. ბოლოს, ამბობს ის, ჩვენ, როგორც სიურპრიზი, იუსტიციის სახლში, პასპორტები გადმოგვცეს.

„არა ვარ დარწმუნებული, რამდენად ამაყად ვიგრძნობ თავს ნაციონალური პოზიციიდან, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს სასიამოვნო ფაქტი იყო. ქართული პასპორტების ფლობა უკან, „საკუთარ ქვეყანაში", საქართველოში დაბრუნების სურვილს გიჩენს", ამბობს ის.

საქართველოს მომავალი შეიძლება იმ იმედზეა დამოკიდებული, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ წარიმართება ოქტომბრის არჩევნები, კლინტონი და USAID-ი იგივეს იგრძნობენ.

Atimes.com, ნიკოლას კლეიტონი

http://foreignpress.ge -ს თარგმანი

 

ავტორი: . .