"უბედურება ჩეჩენ ხალხს რუსეთმა მოუტანა", _ განაცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის ჯოჰარ დუდაევის მეუღლემ ალა დუდაევამ საქართველოში ჩეჩნეთის პირველი პრეზდენტის ყოფილი წარმომადგენლის ხიზრი ალდამოვის ჩეჩნეთში დაბრუნებისა და მისთვის ბოდიშის მოხდის კომენტირებისას.
"უბედურება ჩეჩნეთსა და ჩეჩენ ხალხს რუსეთმა მოუტანა. სწორედ რუსეთმა დაიწყო ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები, სწორედ რუსეთი ბომბავდა ჩეჩნეთის ქალაქებს და ანადგურებდა მოსახლეობას, სწორედ რუსეთმა შეიწირა ჩეჩნეთის მოსახლეობის 300 000 მეტი ადამიანი და მსხვერპლის დათვლა დღეს უკვე შეუძლებელია. მაინტერესებს ამას ხიზრი ალდამოვი უბედურებად არ მიიჩნევს?", _ განაცხადა ალა დუდაევამ ხიზრი ალდამოვის მიერ ჩეჩნეთის მეთაურისათვის ნათქვამი სიტყვების კომენტირებისას, როდესაც ალდამოვმა განაცხადა, რომ "დუდაევს, მასხადოვს, ბასაევსა და მათ თანამებრძოლებს ჩეჩენი ხალხისათვის უბედურების მეტი არაფერი მოუტანიათ და ისინი მხოლოდ უბედურებას თესავდნენ".
რაც შეეხება, ზოგადად ალდამოვის ჩეჩნეთში დაბრუნებას და მის მიერ რამზან კადიროვისათვის ბოდიშის მოხდას ალა დუდაევა ამბობს, რომ მას ხიზრი ალდამოვი უბრალოდ, ეცოდება.
"მე მიმაჩნია, რომ ხიზრი ალდამოვი იმდენად უმნიშვნელო ფიგურაა, რომ მასზე მედიაში ხმაურის ატეხვაც კი არ ღირს. ის უბრალოდ, ერთ-ერთი იმათთაგანი აღმოჩნდა, ვინც ბოლომდე ვერ მოიცადა, მე ის მეცოდება...", _ განაცხადა ალა დუდაევამ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის ჯოჰარ დუდაევის ყოფილი წარმომადგენელი საქართველოში ხიზრი ალდამოვი ჩეჩნეთში დაბრუნდა და ხელისუფლებასა და ხალხს ბოდიში მოუხადა. ალდამოვი ჩეჩნეთის მეთაურს რამზან კადიროვს შეხვდა.
"ჩემთვის ძალიან მტკივნეულია იმის გახსენება, რომ მე ეს წლები ასე ფუჭად დავკარგე, რადგან დუდაევმა, მასხადოვმა, ბასაევმა და მათმა თანამებრძოლებმა, რომლებსაც მე ვენდობოდი და ვემსახურებოდი საკუთარ ხალხს იოტისოდება სარგებლობაც ვერ მიუტანეს. ისინი მხოლოდ უბედურებას თესავდნენ. მე ძალიან ვნანობ. და გულწრფელ ბოდიშს გიხდით თქვენ რამზან ახმატოვიჩ და მთელს ჩეჩენ ერს", _ განაცხადა ალდამოვმა.