ENG / RUS       12+

რამაზ საყვარელიძე: ივანიშვილის გაუვნებელყოფით პროცესი არ შეჩერდება

რესპოდენტის შესახებ

კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ქართულმა ოცნებამ" აქციები უკვე გამართა თბილისსა და ქუთაისში. ორივე აქცია ხალხის სიმცირეს ნამდვილად არ უჩიოდა, თუმცა ორივე მათგანი საკმაოდ მალე დასრულდა და მანიფესტაციაზე შეკრებილი ხალხი კოალიციის წარმომადგენლებმა სახლებში დააბრუნეს. ქუთაისის მოსახლეობას ბალახვანის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა პირობა მისცა, რომ ბოლომდე ხალხის გვერდით იდგება: "მე გპირდებით - ამ ბრძოლაში თქვენ გვერდით, ბოლომდე ვიდგები". თუმცა ივანიშვილის მეუღლე მათი ოჯახისადმი არსებულ საფრთხეზე საუბრობს, რის გამოც ხვედელიძემ ქუთაისში აქციის ჩასვლაზედაც კი უარი განაცხადა. რამდენად რეალურია ივანიშვილის ოჯახის მიმართ საფრთხის არსებობა, რამდენად მართებული ტაქტიკით მოქმედებს ივანიშვილი და სწორად აირჩია თუ არა მაჟორიტარების კანდიდატურები - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა.


_ ბატონო რამაზ, "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ფარგლებში აქცია თბილისსა და ქუთაისში უკვე გამართა. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი ტაქტიკით მოქმედებს "ქართული ოცნება", როცა აქციაზე შეკრებილ დიდი რაოდენობით ხალხს სახლებში საკმაოდ მალე აბრუნებს?

_ ხალხის განწყობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, "ქართული ოცნების" ამ გადაწყვეტილებას საზოგადოება გაგებით ეკიდება და სრულიად უდრტვინველად იშლება აქციიდან. ხალხს არანაირი პროტესტი არ გააჩნია იმასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქციას რაიმე არსებითი შედეგი რატომ არ მოსდევს. მათ იციან, რომ მთავარი არის არჩევნები და ეს შეხვედრები არის მხოლოდ დემონსტრაციაა იმისა, თუ რამდენი ადამიანი უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილს. ფაქტია, ეს ტესტი, ეს ფორმულირება საზოგადოებამ მიიღო, ამდენად, "ქართული ოცნების" მიერ არჩეული სტრატეგია, შეიძლება ითქვას, სწორია.

_ ყოველ შემთხვევაში, აქამდე არსებული პრაქტიკით თუ ვიმსჯელებთ, საარჩევნო კამპანიის დაწყების დროს პოლიტიკოსებს ამომრჩეველთან უფრო უშუალო ურთიერთობა ჰქონდათ და დეტალურად აცნობდნენ პარტიის სამოქმედო გეგმას. ივანიშვილის მხრიდან რამდენად ხედავთ ამ ფორმულირებას და რამდენად სწორ გზავნილებს აკეთებს ამომრჩევლის მისამართით?

_ ივანიშვილის გამოსვლების დროს ხალხის მიერ გამოხატული რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, საზოგადოება ივანიშვილის მიერ გაკეთებული ინიციატივებით კმაყოფილია. ამ კუთხით ქუთაისის აქცია გამოირჩეოდა, რადგან ქუთაისის სპეციფიკის გათვალისწინებით, "ქართული ოცნების" ლიდერმა მთელი რიგი მოწოდებები და გზავნილები გააკეთა. მაგალითად, რომ ქუთაისი ინტელექტუალური ცენტრი იქნება, როგორც გელათის აკადემიის ფუნქციონირების დროს იყო, რომ განვითარდება წარმოება და ის ტრადიციები, რაც ქუთაისელებს აქვთ. ეს მოწოდებები საკმაოდ კონკრეტულია. ივანიშვილის მოწოდებიდან ერთ მათგანს გამოვყოფდი, რომელიც გულისხმობს, რომ "მე რასაც ვიტყვი, გავაკეთებ". ივანიშვილის ამ მოწოდების უკან 20-წლიანი გამოცდილება დგას. მას ქართველი ხალხისთვის იმდენი რამ აქვს გაკეთებული, რომ საზოგადოების თვალში ივანიშვილის მოწოდებები და სიტყვები დამაჯერებელია.

_ ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" მიერ ქუთაისში ორგანიზებულ აქციაზე იმერეთის რამდენიმე რეგიონში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. როგორ ფიქრობთ, ამ კუთხით რამდენად სწორი არჩევანი გააკეთა ივანიშვილმა?

_ შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის მიერ დასახელებული ადამიანები შესანიშნავი კანდიდატები არიან და ყველა მათგანი საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. თუმცა დასახელებული მაჟორიტარების შანსები უფრო მეტად მათი კონკურენტების დასახელების შემდეგ გამოიკვეთება. ასე რომ, დასახელებული მაჟორიტარების შეფასება ზოგადად შეიძლება, მაგრამ უშუალოდ მათი შანსების შეფასება მათი კონკურენტების დასახელების გარეშე უსაფუძვლო იქნება.


_ ქუთაისში "ქართული ოცნების" აქციაზე არ იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე, რომელმაც თავისი გადაწყვეტილება მათი ოჯახისადმი არსებული საფრთხით ახსნა. თქვენ რამდენად რეალურად მიგაჩნიათ არსებული საფრთხე?

_ საფრთხის არსებობაზე საუბარი შესაძლებელია, თუ ყველა იმ ინფორმაციას დავიჯერებთ, რაც ხელისუფლების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე მიუთითებს. მაგალითისთვის, 26 მაისის შემთხვევა, მაღაზიებზე შემოდებული გვამები, ისეთ დანაშაულებით დამთავრებული, სადაც ცნობილი პირების სახელები დომინირებს, მაგრამ აქაც არსებობს ეჭვი და დანაშაული დამტკიცებული არ არის. ამიტომ გამართლებულია იმ ეჭვის დაბადება, რომ ივანიშვილისთვის პოლიტიკური ბრძოლა უსაფრთხო არ იქნება. შესაბამისად, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ორი სტრატეგია არსებობს: ივანიშვილმა ან უკან უნდა დაეხიოს და ბიზნესს დაბრუნდეს, ან მისმა მეტოქემ უნდა იცოდეს, რომ ივანიშვილის გაუვნებელყოფით პროცესი არ შეჩერდება. ალბათ, ივანიშვილის ოჯახი უფრო მეორე გზით წავიდა და ეკატერინე ხვედელიძემ თავის თავზე იტვირთა პროცესების გაგრძელება, თუკი ივანიშვილს რამე მოუვა.

_ იმ შემთხვევაში, როგორც ივანიშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, თუ ივანიშვილმა ვეღარ შეძლო პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება და პროცესებზე პასუხისმგებლობა მისმა მეუღლემ იტვირთა, როგორ ფიქრობთ, საზოგადოების მხრიდან მასაც იგივე მხარდაჭერა ექნება, რაც ივანიშვილს?

_ ხვედელიძეს, ალბათ, ამ კუთხით უფრო სირთულეები ექნება, რადგან ივანიშვილის იმიჯი იმ ქველმოქმედებით შეიქმნა, რასაც ის წლების განმავლობაში ეწეოდა. ხვედელიძის უკან ასეთი იმიჯი არ დგას. მას მხოლოდ მეუღლის სტატუსი აქვს. თუმცა ხასიათით, პოზიციებითა და შეუპოვრობით, რაც ეკატერინე ხვედელიძემ "მაესტროს" ეთერში თამარ ჩიქოვანისთვის მიცემული ინტერვიუს დროს დატოვა, მგონია, ოპოცზიციურ ბრძოლაში ის უფრო სახიფათო ფიგურა იქნება, ვიდრე ახლაა ივანიშვილი ხელისუფლებისთვის. ივანიშვილს ქველმოქმედის გულმოწყალება მაინც ეტყობა, ხვედელიძის შემთხვევაში კი ქალური სიმკაცრე იგრძნობა. ასე რომ, ივანიშვილის მეტოქეებისთვის ივანიშვილი უფრო სასურველი ფიგურაა, ვიდრე მისი მეუღლე.

_ ხალხის იმ რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც თბილისსა და ქუთაისში "ქართული ოცნების" აქციებზე გამოვიდა, როგორ ფიქრობთ, ასეთ პირობებში ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებისთვის რა შანსები აქვს?

_ აქციაზე გამოსული ხალხის რაოდენობა ერთგვარად არჩევნების დაცვის გარანტიაცაა და ალბათ არჩევნების დღეს თავისი ხმების დასაცავად ამდენივე რაოდენობის ხალხი თუ გამოვა, მაშინ ხელისუფლებას არჩევნები გაყალბება ძალიან გაუჭირდება.


"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი

 

ავტორი: . .