ENG / RUS       12+

ნინო გოგუაძე: საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეროვნული გამოცდების შედეგები საეჭვო იქნება

რესპოდენტის შესახებ

რამდენიმე დღეა, განათლების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ირგვლივ აჟიოტაჟი არ ცხრება. სიტუაციამ კულმინაციას მას შემდეგ მიაღწია, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 600 ატესტატის გაყალბებაში ამხილა. განათლების მინისტრმა მიმინოშვილის ბრალდებები უარყო, სიცრუეში დაადანაშაულა და მეტიც, შაშკინმა აღნიშნა, რომ "სამწუხაროდ, საქართველოში სკამზე მიჯაჭვული ადამიანები ჯერ კიდევ არსებობენ". განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიმინოშვილის შემცვლელი მალევე მოძებნა კარსმომდგარი ეროვნული გამოცდების წინ ცენტრის დირექტორად პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი ხატია დეკანოიძე დანიშნა. შაშკინის გადაწყვეტილებამ ოპოზიციასა და საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადებით, განათლების მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილებით დაამტკიცა, რომ იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესების გამტარებელია. შეუქმნის თუ არა ეროვნულ გამოცდებს საფრთხეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიმდინარე საკადრო ცვლილებები და რამდენად გამართლებულია დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილება ხატია დეკანოიძის დანიშვნის შესახებ - "ჯი-ეიჩ-ენს" "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი და განათლების სფეროს ხელმძღვანელი ნინო გოგუაძე ესაუბრა.

_ რას ფიქრობთ განათლების სამინისტროში არსებულ ბოლოდროინდელ პროცესებთან დაკავშირებით, როგორია თქვენი პოზიცია მაია მიმინოშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით?

_ მაია მიმინოშვილის განთავისუფლება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც პირადად მიხეილ სააკაშვილმა მიიღო, რადგან ის 27 მაისის მანიფესტაციის შემდეგ ისტერიკაში ჩავარდა. სააკაშვილს როგორც კი უთხრეს, რომ მიმინოშვილის ვაჟი აქციაზე იმყოფებოდა, მან შაშკინს სასწრაფოდ დაავალა, მიმინოშვილი მოეხსნათ. შაშკინისა და მიმინოშვილის შორის დაპირისპირება პირადად ჩემთვის უკვე კარგა ხანია ცნობილია, მაგრამ ბოლო მომენტამდე სააკაშვილი მიმინოშვილს იმის გამო არ ათავისუფლებდა, რომ მან კარგად იცოდა - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით მიღწეული წარმატება მხოლოდ და მხოლოდ მაია მიმინოშვილს და მის გუნდს უკავშირდება.

_ განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საკადრო ცვლილებების მიუხედავად, სასკოლო და ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პროცესი არ შეფერხდება და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

_ ჩემი აზრით, ის, რომ ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა სოლიდარობის ნიშნად, უსამართლობის გამო მიატოვეს სამსახური, ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რადგან ეს არის თანადგომის განცდა, რაც ჩვენს საზოგადოებას ძალიან სჭირდება. ისინი იმდენად პროფესიონალი ადამიანები არიან, რომ გამოცდებს საბოტაჟი კი არ გამოუცხადეს, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ, რომ აბიტურიენტების ინტერესები არ დააზარალონ.

თუმცა მას შემდეგ, რაც ამდენმა კვალიფიციურმა ადამიანმა გამოცდების ეროვნული ცენტრი დატოვა, რომელთა სახელთანაც დაკავშირებულია ის მაღალი ნდობა, რაც ეროვნულ გამოცდებს უკავშირდება, ვფიქრობ, ეროვნული გამოცდების შედეგები საზოგადოების უმრავლესობისთვის ძალიან საეჭვო იქნება.

_ ოპოზიციისა და საზოგადოების უმრავლესობამ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორის ხატია დეკანოიძის დანიშვნა არაადეკვატურად შეაფასა. თქვენ რას ფიქრობთ, დიმიტრი შაშკინის ამ გადაწყვეტილებაზე?

_ ეროვნული გამოცდების ცენტრი ერთადერთი ოაზისი იყო, სადაც პოლიცია შესული არ იყო, რადგან ვიცით, რომ მანდატურები სკოლაში ცენტრალური ფიგურის წარმომადგენლები გახდნენ. საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ შაშკინი განათლების სამინისტროსა და სკოლებს, როგორც ციხეს, ისე მართავს. ამიტომ შაშკინისთვის გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორად პოლიციელის დანიშვნა შეიძლება ძალიან ადეკვატურია, რადგან ის პოლიციის, ძალოვანების მეთოდებს ეყრდნობა. ჩემთვის, პირადად, გაუგებარია - ადამიანს არანაირი შეხება არ ჰქონია განათლების სისტემასთან და ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა რამდენად ადეკვატურია... შაშკინის არჩევანი თვითონ განსაჯეთ.

_ განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო მუშაობს 8+1 მოდელის შემუშავებაზე, რაც ითვალისწინებს უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად მხოლოდ სკოლის რვა გამოცდისა და უნარ-ჩვევების ჩაბარებას. მისაღებია თქვენთვის განათლების სამინისტროს ეს მოდელი?

_ განათლების სამინისტრო გვეუბნება, რომ 8+4-ს მოდელი უნდა შეიცვალოს 8+1-ის მოდელით. ატესტატები თუ მხოლოდ სასკოლო გამოცდებით გაიცემა, რაც თავისთავად ნორმალურია და ბევრ ქვეყანაში ასეც ხდება, მაშინ დარჩეს მხოლოდ რვა გამოცდა ეს +1 უნარების გამოცდა უმაღლეს სასწავლებელშო მოსახვედრად რა საჭიროა. თუმცა ამ სისტემით, რა ფორმატშიც საატესტატო გამოცდები ტარდება, შეუძლებელია მოსწავლეების ცოდნისა და უნარის შემოწმება, რადგან აგებულია არჩევით პრინციპზე, ანუ ერთ კითხვას ოთხი სავარაუდო პასუხი აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ავირჩევთ ისეთ მოდელს, როცა საატესტატო გამოცდები ამავე დროს სასელექციო გამოცდებიც იქნება, რომელიც მოსწავლეების შეჯიბრებითობის პრინციპზე იქნება დამოკიდებული, ცხადია, მაშინ დაგვჭირდება არსებული საატესტო გამოცდების მნიშვნელოვნად შეცვლა და დახვეწა. არსებული სატესტატო გამოცდების სისტემა ვერ ამოწმებს მოსწავლის ლოგიკური აზროვნების დონეს, წერის კულტურას და სხვა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხს, რაც აუცილებელია უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად.

_ რომ დავაკონკრეტოთ, თქვენ არ ემხრობით 8+1 მოდელს?

_ კარგი იქნება, თუ გადავალთ მხოლოდ საატესტატო გამოცდებზე, მაგრამ ამას სჭირდება დრო, განსხვავებული სირთულის ტესტები, მონდომება და გააზრება, თუ რეალურად რისი მიღწევა და გაკეთება გვინდა.


"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი

 

ავტორი: . .