რესპოდენტის შესახებ
_ ქალბატონო ხათუნა ცნობილი გახდა, რომ ,,ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. როგორ შეაფასებთ, მის გადაწყვეტილებას?
_ ჩემთვის ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება რთულია გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებამ ვფიქრობ, არსებითად საპარლამენტო არჩევნებში გუნდის წარმატებაზე დიდად არ უნდა იმოქმედოს. ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება, კონსტიტუციის მიმართ, რა თქმა უნდა პატივსაცემია, რადგან კონსტიტუციის მორგება ერთ კაცზე, ეს არის ენით აღუწერელი დამოკიდებულება კონსტიტუციის მისამართით.Aამ შემთხვევაში მე ძალიან კარგად მესმის ივანიშვილის დამოკიდებულება, მაგრამ მეორე საკითხია, ამომრჩეველს ამ ყველაფერს როგორ მიაწვდიან. იმ ალტერნატიული საინფორმაციო საშუალებების, რომელთაც შეუძლიათ რეალური ინფორმაციაა მიწოდონ ამომრჩეველს, გავრცელების არეალი ძალიან შეზღუდულია, ხოლო ის ტელევიზიები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობენ უპირატესად სახელისუფლებო ინტერესებს ატარებენ და ცხადია, ივანიშვილის გადაწყვეტილებას სხვა ინტერპრეტაციას მისცემენ. სამწუხაროდ, უკვე ეს ტელევიზიები და რეგიონული მაუწყებლები ,,ქართული ოცნების" ლიდერის გადაწყვეტილებას, საპარლამენტო არჩევნებში არ მონაწილეობის შესახებ, უკან დახევად აფასებენ.
_ აღნიშნეთ, რომ ე.წ. სახელისუფლებო არხებმა საზოგადოებას ივანიშვილის გადაწყვეტილება არასწორი ინტერპრეტაციით მიაწოდეს. როგორ ფიქრობთ, ეს ფაქტორი იმოქმედებს ,,ქართული ოცნების" იმიჯსა და რეიტინგზე?
_ საინფორმაციო რესურსი, როდესაც აბსოლუტურად არათანაბარია, ასეთ შემთხვევაში მთავრია ამომრჩეველი, როგორ და რა ფორმით აღიქვამს ივანიშვილის ნაბიჯს და ეს ყველაფერი სამომავლოდ როგორ აისახება მოსახლეობის განწყობაზე. მოგეხსენებათ ,,ფეისბუკი" ამ დამოკიდებულებას გარკვეულწილად აფიქსირებს და უკვე დღეს გაჩნდა გარკვეული იმედგაცრუების განცხადებები, რადგან სახელისუფლებო მედიასაშულებებმა საზოგადოებამდე ივანიშვილის გადაწყვეტილება მიიტანეს, როგორც მისი მხრიდან უკან დახევის მცდელობა. თუმცა არჩევნებამდე ძალიან დიდი დროა დარჩეილი საიმისოდ, რომ ივანიშვილის გუნდმა ეს იმედგაცრუება გააქარწყლოს. თუმცა ივანიშვილის გადაწყვეტილება პასუხისმგებლობიანია, როცა ის უარს ამბობს საქართველოს კონსტიტუციის ,,შეურაცხყოფაზე". ასევე სხვა საკითხია შეძლებს, თუ არა ,,ქართული ოცნება" სწორი და მოტივირებული ინფორმაცია მიიტანოს საზოგადოებამდე.
_ საზოგადოების ნაწილი საუბრობს, რომ ივანიშვილის პოზიცია დაგვიანებულია როგორია თქვენი პოზიცია?
_ რამდენადაც მახსოვს, ივანიშვილის გუნდმა თავიდანვე დააფიქსირა, რომ ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრე არ იყო, თუმცა ასეთი კატეგორიული და ოფიციალური პოზიცია როგორც დღეს მიიღო არ დაუფიქსირებია. Kკონსტიტუციას სააკაშვილი, თუ ერთი კაცის ინტერესებამდე დაიყვანს, ეს სახელმწიფოს სტაბილურობას საბოლოოდ დაარღვევს. ზოგადად, კონსტიტუცია არის სახელმწიფოს ხერხემალი, განსაზღვრავს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლებების სტრუქტურას, ადამიანის უფლებებს და რომელსაც უამრავი ადამიანი ემორჩილება, დღევანდელი რეალობიდან კი გამომდინარეობს, რომ კონსტიტუციას ადამიანებზე დაბლა აყენებენ და არგებენ ქვეყნის ნებისმიერ მოქლაქის ინტერესებს. ამით კი, როგორ გითხარით, მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო მცნების ნიველირება ხდება.
_ როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი გაითვალისწინებს ივანიშვილის მოთხოვნას და ვეტოს დაადებს საკონსტიტუციო ცვლილებებს?
_ სახელისუფლებო გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან, თუ ვიმსჯელებთ სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი ივანიშვილის მოთხოვნას არ დაკმაყოფილებს.
_ გამოდის, რომ ივანიშვილის პოზიციიდან გამომდინარე ,,ქდმ"_ს ინიციატივას აზრი ეკარგება?
_ თავისთავად, აზრი ეკარგება. სააკაშვილმა ხელი რომც არ მოაწეროს, ან მოაწეროს და ამით ბიძინა ივანიშვილმა არ ისარგებლოს. თუმცა ამ საკითხს პიარის თვალსაზრისით სხვა მხარეც აქვს. ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის საკითხი იქცა ძირითად ქვაკუთხედად იმისთვის, რომ ივანიშვილი ყოველგვარი განსაკუთრებული სამსახურის გარეშე მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფილიყო. Aანუ მას პიარი არ დასჭირვებია, რადგან მოქალაქეობის საკითხიდან გამომდინარე მუდმივად პროცესების ,,ზედაპირზე" იმყოფებოდა. ამიტომ შესაძლოა, ივანიშვილის გადაწყვეტილება შესაძლოა მისი პიარის შემადგენელი ნაწილია, რადგან მას სურს მოქალაქეობის საკითხის წამოჭრა საიმისოდ, რომ კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში იმყოფებოდეს.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი