რესპოდენტის შესახებ
_ 27 მაისს "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ფარგლებში მასშტაბურ მანიფესტაციას გეგმავს. რატომ გადაწყვიტეთ ამ ფორმით საარჩევნო კამპანიის დაწყება?
_ ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა, მოგეხსენებათ, ძალიან დიდია. მანიფესტაცია დახურულ სივრცეში რომ გაგვეკეთებინა, ვთქვათ, დარბაზში, ან თუნდაც სტადიონზე, დამერწმუნეთ, სივრცე ნამდვილად ვერ დაიტევდა იმ ადამიანებს, ვისაც სურს 27 მაისს მოვიდეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს პირადად მოუსმინოს და "ქართული ოცნების" სახელით ჩვენი სათქმელი გაიგოს. უკვე დიდი ხანია ქართველი ხალხი ითხოვს ამ მასშტაბის შეხვედრას ბატონ ბიძინასთან, ამიტომ აუცილებელია ამ ყველაფერს ღია ცის ქვეშ აქციის სახე მისცემოდა და შესაბამისად ველოდებით ძალიან ბევრ მხარდამჭერს.
_ თავდაპირველად მანიფესტაციის ჩასატარებლად განაცხადი ბორის პაიჭაძისა და მიხეილ მესხის სტადიონებზე გააკეთეთ. პაიჭაძის სტადიონის ხელმძღვანელობამ მოედანზე უარი განგიცხადათ, ხოლო მესხის სტადიონის დირექციისგან დადებითი პასუხი მიიღეთ. ახლა რატომ შეცვალეთ გეგმები და რატომ გადაინაცვლეთ თავისუფლების მოედანზე?
_ სტადიონებზე თავიდან მართლაც გვქონდა მოთხოვნა, მაგრამ შემდეგ გავთვალეთ, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს სტადიონი ვერ დაიტევდა. გადავინაცვლეთ თავისუფლების მოედანზე. ეს არ არის რეგიონებიდან ორგანიზებული აქცია, ანუ რეგიონებში ჩვენი მხარდამჭერებისთვის არ მოგვიწოდებია თბილისში ჩამოსვლის შესახებ, რადგან ეს არის თბილისis აქცია, თუმცა ყველასთვის კარი ღიაა და ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია 27 მაისს შემოგვიერთდეს.
_ თუ 27 მაისს თქვენ გვერდით დადგნენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც კოალიციის წევრები არ არიან, როგორი იქნება "ქართული ოცნების" პოზიცია, მისცემთ მათ უფლებას, შეუერთდნენ მანიფესტაციას?
_ ეს არის "ქართული ოცნების" ღონისძიება და ჩვენ მივმართავთ ჩვენs მხარდამჭერებს, იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს, მოვიდეს და მოუსმინოს ბიძინა ივანიშვილსა და კოალიციის ლიდერებს. თუმცა თუ სხვა პარტიის წევრსაც მანიფესტაციაზე მოსვლის სურვილი გაუჩნდება, რა თქმა უნდა, უარს არ ვეტყვით, პირიქით, მივესალმებით ასეთ ადამიანებს. ამიტომ 27 მაისს "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ მანიფესტაციაზე ყველა ადამიანისთვის კარი ღიაა და შეუძლიათ შემოგვიერთდნენ.
_ აღნიშნეთ, რომ 27 მაისს მხარდამჭერების მასშტაბურ რაოდენობას ელოდებით. შესაძლოა, თქვენი მხრიდან, ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ველოდოთ?
_ 27 მაისს "ქართული ოცნების" მხრიდან არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, რადგან ეს არის საზეიმო ღონისძიება, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასაწყისი. 27-ში დაახლოებით, 40-წუთიანი ღონისძიება იქნება, სადაც ბატონი ბიძინა პირადად მიმართავს მხარდამჭერებს და ამის შემდეგ ყველანი დავიშლებით. შესაბამისად, 27 მაისს ჩვენი მხრიდან არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიღებული არ იქნება და ამ ტიპის შეხვედრები ჩატარდება აბსოლუტურად ყველა ქალაქსა და რეგიონში.
_ ხელისუფლების მხრიდან თუ ელოდებით პროვოკაციას?
_ ხელისუფლებამ, არა მგონია, რაღაც ექსცესების ორგანიზება დაიწყოს. მათ იმის ჭკუა და გონება უნდა ეყოთ, რომ პროვოკაციებს არ მიმართონ. ძალიან ადვილი იქნება ჩვენი მხრიდან პროვოკატორების გამოვლენა, შესაბამისად, უხერხულ სიტუაციაში ჩავარდება თავად პროვოკატორი და საერთო ჯამში ხელისუფლებაც. "ქართული ოცნების" აქციის შესახებ ხელისუფლება ინფორმირებულია, ეს არის სანქცირებული მანიფესტაცია, ამიტომ ხელისუფლების ვალდებულებაა, დაიცვას მანიფესტაციის მონაწილეები.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი