ENG / RUS       12+

რატომ დაზიანდა წყლის კოლექტორი. პრეზიდენტი ვარაუდს გამოთქვამს?!

თბილისის სხვადასხვა უბნებში წვიმის შემდეგ დატბორვა უკანასკნელ პერიოდში აღარავის უკვირს, თუმცა საბედნიეროდ ყველა ასეთი დატბორვა მსხვერპლით არ სრულდება. რატომ იტბორება თბილისი და რატომ არ გაატარა კოლექტორმა წყალი, რომელმაც თბილისში მძიმე შედეგი გამოიწვია, ამ კითხვაზე პასუხი არავის აქვს. უბედური შემთხვევის მიზეზად კი სწორედა ეს სახელდება. არის თუ სანიაღვრე და სადრენაჟო სისტემები სტანდარტების დაცვით გაკეთებული. ან საერთოდ, არის თუ არა ექსპლუატაციისათვის ვარგისი.

"საქმე იმაში კი არ არის ღელე ადიდდებოდა თუ არა. ჯერ ერთი ალბათ სტანდარტები დარღვეულია, მე არ ვიცი სპეციალისტი არ ვარ, თქვენ უკეთ გეცოდინებათ", - ეს კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, თუმცა გულისხმობდა თუ არა კოლექტორსა და სანიაღვრე სისტემებს არ დაუკონკრეტებია.

სამწუხაროდ, პრეზიდენტის ვარაუდები იქნება სანუგეშო დაღუპულებისთვის და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისთვის, ვერც იმათთვის ვისაც მთელი ცხოვრების განმავლობაში შრომა-გარჯით ნაშოვნი ქონება პირდაპირი გაგებით წყალმა წაიღო და გაუნადგურა "ალბათ სტანდარტები დარღვეულმა" რაღაცამ. თუმცა მაინც იმედია. იმედია იმისა, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია და ამაზე ვინმემ პასუხი უნდა აგოს.

კოლექტორმა, რომ წყალი არ გაატარა, ამის შესახებ პირველად თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, კოკისპირული წვიმის გამო მოვარდნილმა ღვარცოფმა ორთაჭალაში, მთაზე მიწის ნაწილი მოწყვიტა, რამაც კოლექტორი ჩახერგა და წყლის კალაპოტის შეცვალა გამოიწვია.

სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ თბილისში წუხელ ინტენსიური წვიმა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა და 93 მმ ნალექი მოვიდა. თუმცა აღნიშნავენ, რომ ანალოგიური ვითარება 2008 წლის სექტემბერშიც მოხდა, თუმცა მაშინ ნალექი თითქმის ორჯერ მეტი - 183 მმ იყო. წყალდიდობა მაშინაც მსხვერპლით დასრულდა. გაჩიანში 5 ადამიანი დაიღუპა.

ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების სამმართველოს უფროსი სვეტა ნიორაძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ კატასტროფა გამოიწვია იმან, რომ კოლექტორმა წყალი არ გაატარა.

ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში სანიაღვრე წყლის დრენაჟის სისტემის მშენებლობა
1835 წელს დაიწყო. ზოგადად გამოყენებული იყო აგურის საკანალიზაციო კოლექტორები, რომელშიც ჩაედინებოდა ტექნიკური, სანიტარიული წერტილებიდან ჩამდინარე და სანიაღვრე წყალი და მდინარე მტკვარში იცლებოდა.

დღესდღეობით თბილისის სადრენაჟო ქსელი წარმოადგენს 150-დან 1200 მმ დიამეტრის
კოლექტორებს, რომლებიც სხვადასხვა მასალისგან არიან შექმნილი, მათ შორის აგურისაგან, ბეტონისგან, კერამიკისგან, თუჯისგან, ასბესტოცემენტისგან და პოლიეთილენისგან. ეს
სადრენაჟო სისტემა თვითდინებით მიედინება, მაგრამ მოძველებულია და საჭიროებს საკმაო
ინვესტიციებს რეაბილიტაციისათვის. სისტემის მთლიანი სიგრძე 1600 კმ-ია.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე მოძრაობა _ დედამიწის მეგობრების" ხელმძღვანელმა ნონო ჩხობაძე, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივის რესურსების ყოფილი მინისტრია, "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ სადრენაჟო სისტემა თბილისში ძალიან ავარიულ მდგომარეობაშია და დაახლოებით 20 წელია არ გაწმენდილა. ამასთან, ჩხობაძე ამბობს, რომ უხვი ნალექის მოსვლის შემდეგ გაუმართავი სანიაღვრე არხები წყალს ვერ ატარებს, რის გამოც წყალდიდობები ხდება.

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი იმ პერიოდსაც იხსენებს, როდესაც თბილისში მოვარდნილმა ღვარცოფმა კატასტროფული შედეგები მოიტანა.

,,თქვენ არ დაგავიწყდეთ 60-იან წლებში თბილისში საშინელი წყალდიდობა იყო და ძალიან დიდი მსხვერპლი, ღვარცოფული მოვლენა განვითარდა თბილისში. ამის შემდეგ სანაპიროზე გაკეთდა ძალიან კარგი სადრენაჟო სისტემა. ეტყობა ამდენი ნალექის შედეგად ეს სისტემა დაზიანდა და ვერ გაატარა წყალი", _ განაცხადა ჩხობაძემ.

ყოფილი მინისტრი კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ არაკვალიფიციურობის გამო სანიაღვრე სისტემებს აბეტონებენ.

"ძალიან ბევრ შემთხვევაში მშენებლებმა არ იციან, როცა რაღაცას აშენებენ, რომ კეტავენ სანიაღვრე არხებს. იგივე შემთხვევა მოხდა ბათუმში, ქობულეთში. წყალში დაიხრჩო ხალხი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სანიაღვრე სისტემებზე დაასხეს ასფალტი. ჩქარა, რომ კეთდება რაღაცა არ ჰყავთ კვალიფიციური ინჟინრები და აბეტონებენ სანიაღვრე სისტემებს", აცხადებს ჩხობაძე.

სტიქიური უბედურება ყველგან ხდება და ამინდის ანომალიით გამოწვეული მოვლენები არც ჩვენთან უნდა გამოირიცხოს. მაგრამ როდესაც კატასტროფის შედეგად ადამიანები იღუპებიან, მუდმივად რჩება ხოლმე იმედი, რომ ეს არის ბოლო შემთხვევა, რომ ამის შემდეგ გაითვალისწინებენ უამრავ შეცდომებს და რომ ცალკეული პიროვნებების არაპროფესიონალიზმს, ამბიციურობასა და ხშირ შემთხვევაში ახირეულ თვითნებობებს წერტილი დაესმება. ბუნება, რომ მბრძანებელია ამას გონიერი ადამიანებისთვის აქვს შინაარსიც და დატვირთვაც. არაგონიერები კი სანიაღვრე სისტემებს აბეტონებენ.

 

ავტორი: . .