სეპარატისტული აფხაზეთში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი, მეხუთე პიროვნება დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. დაკავებულია ვინმე ელდარ ჭითანავა, რომელზეც, აფხაზური მხარის ინფორმაციით ძებნა იყო გამოცხადებული. მას ბრალი უკვე წაეყენა და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობაც მიესაჯა.
"ამჟამად ჭითანავა გამოძიებას ჩვენებას აძლევს", _ იუწყება აფხაზური მხარე.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 22 თებერვალს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა მოხდა. თავდასხმის შედეგად ანქვაბი გადარჩა, ხოლო მისი პირადი დაცვის ორი წევრი, რემზიკ ცუგბა და თენგიზ პანდარია, მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალნენ.
აქამდე აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილების სტატუსით სულ ოთხი პიროვნება იყო დაკავებული. ესენი არიან: ალხაზ ხუტაბი, რამზი ხაშიგი, მურთაზ საქანია და ანზორ ბუთბა. მათ სოხუმის ე.წ. სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა.
ამ ადამიანებს ასევე ბრალად ედებათ, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის პირადი დაცვის ორი წევრის რემზიკ ცუგბასა და თენგიზ პანდარიას მკვლელობა.
ამას გარდა, სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ საქმესთან დაკავშირებით, 1959 წელს დაბადებულ რუშბეი ბარციცზე ძებნა გამოაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, რუშბეი ბარციცი გუდაუთის რაიონში მდებარე გადამამუშავებელი საწარმო კომპლექსის ერთ-ერთი თანამფლობელია, რომლის დამფუძნელებლიც, სწორედ ამავე საქმეზე დაკავებული ანზორ ბუთბაა.
აღსანიშნავია, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა ტიმურ ხუტაბმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან თავი სოხუმის საგამოძიებო იზოლატორში ჩამოიხრჩო. სიცოცხლე ასევე თვითმკვლელობით დაასრულა ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა კიდევ ერთმა პიროვნებამ - აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა შს მინისტრმა ასლამბეი კჩაჩმა. კჩაჩი ასევე მილიციის გენერალი და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ვლადისლავ არძინბას დაცვის უფროსი იყო.