პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს მარტვილის რაიონის სამ სოფელს ესტუმრა. მან მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა სოფლებში - დიდი ჭყონი, ტალერი და ინჩხური.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დიდი ჭყონის მოსახლეობას დავით ბაქრაძემ სამეგრელოში მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. მან ძირითადად ყურადღება სოციალურ საკითხებზე, ეკონომიკურ და საკურორტო ზონის განვითარებაზე გაამახვილა. პარლამენტის თავმჯდომარემ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებიც მოისმინა. მოსახლეობამ ძირითადად გაზისა და წყალმომარაგების, ასევე სოფლის მეურნეობის სავარგულების საკითხებზე ისაუბრა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში დახმარება ითხოვეს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ყველა ის პროექტი, რომელიც რეგიონში ხორციელდება ადგილობრივ მოსახლეობას არსებულ პრობლემებს მოუგვარებს. მისი თქმით, ადგილობრივებს გაზისა და წყლის პრობლემა რამდენიმე თვეში მოუგვარდებათ. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო მიწებს ამ საკითხებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უკვე მუშაობს.
პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შემოვლითი გზებით, გადმოსული პედაგოგებიც დაესწრნენ, რომლებმაც დავით ბაქრაძეს ხატი უსახსოვრეს.
ბაქრაძე მარტვილის რაიონის სოფელ ტალერში ხის გადამამუშავებელ ქარხანასაც ეწვია, სადაც სამუშო პროცესს გაეცნო და იქ მომუშავე ადამიანებს გაესაუბრა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე სოფელ ინჩხურში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაო მოინახულა. „ძირითადი პრობლემები მოსახლეობის სრულიად ბუნებრივი სურვილია - იყოს უკეთესი პირობები და უკეთესი ინფრასტრუქტურა. მათ ჰქონდეთ გაზი, იყოს წყალი და მუშაობდეს სადაზღვევო სისტემა. ეს ყველა ის საკითხია, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ. აუცილებლად,უახლოესი პერიოდის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ ბოლომდე მივიყვანოთ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი. არ იყოს გაზისა და წყლის პრობლემა. უახლოეს პერიოდში ჩვენ გვეყოლება თითქმის ორმილიონ ნახევარი დაზღვეული ადამიანი, რითაც ძლიან დიდ ნაბიჯს გადავდგამთ წინ მოსახლეობის ჯანდაცვის გაუმჯობესებისკენ. უახლოეს მომავალში გაიზრდება პენსიები, რაც იქნება კიდევ ერთი და არა საბოლოო ნაბიჯი მოსახლეობის სოციალური გაუმჯობესებისკენ", - განაცხადა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს, ხვალ იგი ამბროლაურის რაიონს ეწვევა.