საქართველომ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი შეიმუშავა. სტრატეგიის მიზანს წარმოადგენს ქართველ და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, კომერციის, ვაჭრობის და სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში არსებული კავშირების გამყარება.
დოკუმენტის თანახმად, საქართველო მიესალმება მის ტერიტორიაზე შემოსულ ჩრდილოკავკასიელ ტურისტებს და მათ ჩამოსვლას განიხილავს ადამიანთა შორის კავშირების განვითარებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად.
მასში ნათქვამია, ასევე, რომ საქართველო შეშფოთებას გამთქვამს ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული არასტაბილური ვითარების გამო.
„საქართველო უამრავი საერთაშორისო უფლებათადამცველი ორგანიზაციების კვლევის შედეგებს ეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოკავკასიაში გამუდმებით მიმდინარეობს ადამიანების ეთნიკური და პოლიტიკური ნიშნით დევნა, გატაცება, დაშინება თუ სხვა ადამიანის ღირსებისა და პატივის შემლახველი მოვლენები" - აღნიშნულია სტრატეგიაში, რომლის ავტორები არიან პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი და ეროვნული უშიშროების საბჭო.
სტრატეგიის განხილვა ხვალ პარლამენტში სამეცნიერო წრეებთან იგეგმება.