კანის კინოფესტივალზე, პროდიუსერთა პროგრამაში სახელწოდებით PRODUCERS ON THE MOVE მონაწილეობას ქართველი კინოპროდიუსერი - ვლადიმერ კაჭარავა მიიღებს.
პროგრამა წარმოადგენს EFP-ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც 2000 წლიდან ხორციელდება და გულისხმობს ევროპელი პროდიუსერების მხარდაჭერას კანის კინოფესტივალის ფარგლებში.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გააცნონ თავიანთი პროექტები ინდუსტრიის წარმომადგენლებს, დამფინანსებლებს, გაყიდვების აგენტებს და მოიძიონ კო-პროდიუსერები. პროექტი ასევე აფართოებს ქსელური თანამშრომლობის შესაძლებლობებს და პროდიუსერებს სთავაზობს პლატფორმას, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს მათ პოტენციალს.
ორგანიზაცია "ევროპული კინოს პოპულარიზაცია" არის ხელშეწყობის და ექსპორტის ორგანიზაციების ქსელი 33 ევროპული ქვეყნისთვის. ის დააარსა 1997 წელს ათმა დამფუძნებელმა და მას შემდეგ, უკვე 15 წელია, ერთ-ერთი ლიდერია საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ევროპული კინო პოპულარიზაციის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული კინოცენტრი European Film Promotion-ის წევრი გახდა 2012 წლის იანვარში. აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანება გულისხმობს ქართული კინოს, მასში მოღვაწე პროდიუსერების და მათი შემოქმედების პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით.
მასალის გამოყენების პირობები