სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია საქართველოში პირველ მასშტაბურ ფერმერთა გაერთიანებას კოოპერატივ ,,ქვემო ნიქოზს" ესტუმრა და 130 ჰა მიწის ფართობზე მიმდინარე საგაზაფხულო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სოფლის მეურნეობის სამინიტროდან აცნობეს, ახალი ტექნიკის გამოყენებით ნიადაგი სრულფასოვნად დამუშავდა. 120 ჰა ნაკვეთზე ბულგარული წიწაკა, პომიდორი, ჭარხალი და ხახვი დაითესება. 10 ჰა-ზე მოეწყობა სადემონსტრაციო ნაკვეთი, სადაც მოხდება სხვადასხვა ბოსტნეული კულტურების ჯიშების გამოცდა.
ამ ეტაპზე 30 ჰა ნაკვეთზე დათესილია ხახვი და 50 ჰა ფართობზე თანამედროვე აგრეგატების გამოყენებით მიმდინარეობს მიწის მომზადება-დამუშავება პომიდვრის ჩითილების გადასარგველად. 1 ჰა-ზე 33 ათასი ჩითილის დარგვა იგემება.
130 ჰა ფართობი წვეთოვანი სისტემით ირწყვება და კავკასიის რეგიონში ანალოგი არ აქვს.
მოსავლის აღების შემდეგ, პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. ასევე, კოოპერატივი ,,ქვემო ნიქოზი" სამაცივრე მეურნეობებთან ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს, რათა მიღებული პროდუქციის გარკვეული პერიოდით შენახვა მოხდეს.
წელს კოოპერატივში რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდება.
კოოპერატივი ,,ქვემო ნიქოზი" 2011 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა, რომელიც ითვალისწინებდა თანამედროვე ირიგაციული სისტემების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ინვესტიციის და ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, კოოპერატივში ადგილობრივი გლეხები გაერთიანდნენ. დაიწყო მოსახლეობის მასობრივი დასაქმება. დამუშავდა 130 ჰა მიწა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბოსტნეული კულტურების მოყვანა დაიწო.
ამ ტიპის კოოპერატივების შექმნა მთელი საქართველოს მასშტაბით განავითარებს სოფლის მეურნეობას, გაჩნდება ბევრი სამუშაო ადგილი ადგილობრივებისთვის, რაც რეგიონების ეკონომიკურ განავითარებასაც შეუწყობს ხელს.