ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ბათუ ქუთელიას განცხადებით, რეზერვის კონცეფციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამის შესახებ მან პარლამენტში "საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის" პროექტის განხილვის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, რეზერვის სისტემის კონცეფციის დამუშავება იმ ახალი რეალობებით არის განპირობებული, რაც საქართველოს უსაფრთხოების კუთხით 2008 წლის შემდეგ შეიქმნა.
"რეზერვის კონცეფციის შექმნაზე ბევრი ისეთი ქვეყანაც ფიქრობს, რომელიც ნატო-ს წევრია და გაცილებით უსაფრთხო გარემოში ცხოვრობს, რადგან გარდა უშუალო პრაქტიკული მნიშვნელობისა, რეზერვის სისტემა ეხმარება სამოქალაქო საზოგადოებასა და შეიარაღებულ ძალებს, რათა უფრო დაახლოებულები იყვნენ და სამოქალაქო საზოგადოებას ზუსტად ჰქონდეს გაგებული ის საფრთხეები და ამოცანები, რაც ქვეყნის წინაშე არსებობს", - აღნიშნა ქუთელიამ.
"საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის" პროექტის განხილვა 7 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიმდინარეობს.