თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძის განცხადებით, ახალ კონცეფციაში ომის დროს გამოვლენილი შეცდომები გათვალისწინებულია. ამის შესახებ მან პარლამენტში "საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის" პროექტის განხილვის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
თარგამაძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაშვებული შეცდომების არგათვალისწინების შესახებ, ოპონენტების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს სისულელე უწოდა. მისი თქმით, საომარი მოქმედებების დროს მიღებული გამოცდილება ჯერ კიდევ მიმდინარე რეზერვის მომზადებისას იქნა გათვალისწინებული.
"საომარი გამოცდილების არგათვალისწინება, რა თქმა უნდა, უბრალოდ სისულელე იქნებოდა. სავალდებულო რეზერვი მზადდება, ეს პროცესი არ შეჩერებულა და ის შეცდომებიც, რომლებიც ომის დროს საკმაოდ მრავლად გამოვლინდა გათვალისწინებულია. საერთოდ რეზერვის სისტემის ჩამოყალიბება ერჯერადი ვერ იქნება, გამოცდილება გვაჩვენებს კიდევ რა ცვლილებების განხორციელება იქნება საჭირო", - აღნიშნა თარგამაძემ და დასძინა, რომ თუკი ვინმეს აქვს რამე წინადადებები, შესწორებები და შენიშვნები, ეს უნდა წარმოადგინოს და ისინი მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება.
,,საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის,, პროექტის განხილვა 7 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ამ წუთებში მიმდინარეობს.