საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის მართვას და კონტროლს უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი (2013 წლიდან გენერალური შტაბი) და დაქვემდებარებული სტრუქტურები. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტში.
კონცეფციის მიხედვით, შეკრებების პერიოდში სახმელეთო ჯარების რეზერვის საბრძოლო მომზადებას და მართვას ახორციელებსსახმელეთო ჯარების სარდლობა. რაც შეეხება ტერიტორიული თავდაცვის საბრძოლო მომზადებას და მართვას, მას ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი (ტერიტორიული თავდაცვის დეპარტამენტი) განახორციელებს.
"რეზერვის სისტემის ეფექტური ფუნქციონირება საჭიროებს სწორ მენეჯმენტს, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციას და მკაფიოდ განსაზღვრულ სამობილიზაციო სისტემას. ასევე მნიშვნელოვანია თავდაცვის რეზერვის სისტემის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკური უზრუნველყოფა. რეზერვის ლოგისტიკური უზრუნველყოფა გათვალისწინებულია შეიარაღებული ძალების გრძელვადიან გეგმებში, პროგრამებსა და ბიუჯეტში", - აღნიშნულია კონცეფციის პროექტში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მიღებული გამოცდილების ანალიზისა და დასკვნების გათვალისწინებით საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტი მოამზადა.
პროექტი ასევე ეყრდნობა ნატოს და სხვა პარტნიორი ქვეყნების გამოცდილებას.