საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის განვითარებისას მნიშვნელოვანია უწყებათაშორისი კოორდინაცია როგორც სახელმწიფო ორგანოებს, ასევე სახელმწიფო ორგანოებს და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს შორის. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტში.
"რეზერვის სისტემის განვითარებისას მნიშვნელოვანია თვითმმართველობის ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს შორის კოორდინაციის ხარისხის გაზრდა, რაც ითვალისწინებს სავარაუდო სცენარებზე დამყარებულ ერთობლივი გეგმების შემუშავებას და შესაბამისი სწავლებების განხორციელებას", - აღნიშნულია კონცეფციის პროექტში.
პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეფექტური რეზერვის სისტემის დანერგვის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ქვეყნის მოსახლეობის აქტიური მონაწილეობა. შესაბამისად, რეზერვის სისტემის განვითარების პროცესში დიდი მნიშვნელობა მიენიჭება მჭიდრო ურთიერთობას სამოქალაქო საზოგადოებასთან, მიმდინარე პროცესებში მათი ჩართულობის გაზრდისა და რეზერვის სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.
"ამასთანავე, ეფექტური თავდაცვის რეზერვის სისტემის განვითარება საჭიროებს მთელი რიგი საკითხების ეტაპობრივ დამუშავებას: თავდაცვის რეზერვის სისტემის საკანონმდებლო უზრუნველყოფა; თავდაცვის რეზერვის სისტემის უზრუნველსაყოფად საჭირო გრძელვადიანი ფინანსური გათვლების გაკეთება; სავალდებულო და პროფესიული სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ რეზერვის კატეგორიებში გადანაწილების სისტემის ჩამოყალიბება; თავდაცვის რეზერვის სისტემის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე სტრატეგიულ და ოპერატიული გეგმებში შესაბამისი ცვლილებების ასახვა; მობილიზაციის სისტემის გადახედვა და მისი ადაპტირება ახალი რეზერვის სისტემის მოთხოვნების შესაბამისად; რეზერვის ახალი საწვრთნელი პროგრამების და რეგულარულ შენაერთებთან ერთობლივი წვრთნების გეგმების შემუშავება სავარაუდო კრიზისების სცენარების გათვალისწინებით ; ტერიტორიული თავდაცვის მხარდასაჭერად ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი გეგმების შემუშავება (ლოგისტიკა, კომუნიკაცია, ინფრასტრუქტურა); რეზერვისტთა უფლება-მოვალეობების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა და სოციალური დაცვის მექანიზმის ჩამოყალიბება", - აღნიშნულია პროექტში.
ახალ კონცეფციაზე დაყრდნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით შეიმუშავებს თავდაცვის რეზერვის განვითარების სტრატეგიას და დოქტრინას.