საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტის მიხედვით, თავდაცვის რეზერვის სისტემის განვითარება რვა პრინციპს ეფუძნება.
ეს პრინციპებია:
სიმარტივე და მოქნილობა - რეზერვის მარტივი და ეფექტური სტრუქტურის და მოქნილი მართვის და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება;
ხარისხი - რეზერვისტების სათანადო აღჭურვა და მაღალ დონეზე გაწვრთნა;
ეკონომიურობა - შეზღუდული რესურსების პირობებში მინიმალური ფინანსური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგების მიღწევა;
დეცენტრალიზებული მართვა - დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობების განვითარება;
რეზერვისტის მორალის ამაღლება და საბრძოლო, პროფესიული და ტექნიკური უნარ-ჩვევების დაბალანსებული განვითარება;
მეტი თავსებადობა შეიარაღებული ძალების ან/და სხვა უწყებების ოპერაციებთან;
ეფექტური კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რეზერვისა და სამოქალაქო თავდაცვის მნიშვნელობის შესახებ;
მიღებული გამოცდილების პერმანენტული და დროული ასახვა რეზერვის სისტემის შემდგომი სრულყოფისთვის.
კონცეფციაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია მუდმივად ხორციელდებოდეს რეზერვის სისტემის შეფასება და სრულყოფის გეგმების გადახედვა-შემუშავება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მიღებული გამოცდილების ანალიზისა და დასკვნების გათვალისწინებით საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტი მოამზადა.
პროექტი ასევე ეყრდნობა ნატოს და სხვა პარტნიორი ქვეყნების გამოცდილებას.