რესპოდენტის შესახებ
- ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პრეზენტაციაზე მხარდამჭერებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეკლარაცია თავადვე გააცნო. რას ფიქრობთ "ქართული ოცების" დეკლარაციაზე - ასახულია თუ არა მასში ყველა ის საკითხი, რასაც წინასაარჩევნო კამპანია უნდა დაეფუძნოს?
- დეკლარაცია უფრო ზედაპირული ხასიათისაა. ბუნებრივია, ის განსხვავდება პოლიტიკური პროგრამისგან, რადგან პროგრამაში უნდა იყოს ასახული პოლიტიკურ-სამართლებრივი, სოციალური, ეკონომიკური პრიორიტეტები და ა.შ.. "ქართული ოცნების" დეკლარაციაში საუბარია იმაზე, რომ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა უნდა გამტკიცდეს და უნდა ვითანამშრომლოთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, ეს კი დიდ არაფერზე მეტყველებს. თანაც მთავარი ის კი არ არის, რა ჩაიწერება დეკლარაციაში, არამედ მნიშვნელოვანია, რეალურად რა პოლიტიკას გაატარებს ივანიშვილი. კომუნისტური მმართველობის პერიოდში აქცენტი კეთდებოდა იმაზე, თითქოს კომუნისტური პარტია ხალხისა და მშრომელთა კლასის თავისუფლებას უზრუნველყოფდა, მაგრამ განსხვავებულ ანტისახალხო პოლიტიკას ატარებდა. ამიტომ მართალია სულ ერთი არაა, რას დაწერენ პარტიის დეკლარაციაში, მაგრამ მეორე საკითხია, როგორ პოლიტიკას გაატარებს ივანიშვილი და მისი გარემოცვა. დეკლარაციაში საუბარია ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ის პოლიტიკა და ის განცხადებები, რასაც თავად პარტიის წევრები ახორციელებენ, არ შეესატყვისება დეკლარაციაში ასახულ პრინციპებს.
- რას ნიშნავს არ შესაბამება პარტიის ქმედებები დეკლარაციაში ასახულ პრინციპებს?
- "ქართულ ოცნებაში" არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მაინცდამაინც დემოკრატიულად არ აზროვნებენ. კოალიციაში არის ბევრი ისეთი ადამიანი, ვისი ქმედებაც ან მოსაზრებაც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ფასეულობებსა და პრინციპებს.
- კონკრეტულად ვის გულისხმობთ ამ ადამიანებში?
- არა მგონია, კობა დავითაშვილისნაირ ადამიანს, რომელიც ჟირინოვსკის ხვდებოდა, რაიმე დემოკრატიული ფასეულობები ჰქონდეს. ან თუნდაც იმავე ეროვნულ ფორუმს, რომელიც 2010 წელს ნინო ბურჯნაძის გვერდით იდგა. თვითონ ბატონ ბიძინას რაც შეეხება, მას არ გააჩნია ტოლერანტული დამოკიდებულება, თუნდაც განსხვავებული აზრის მიმართ. თუნდაც პირველმა პრესკონფერენციამ, რომელიც მან ოქტომბერში ჩაატარა, კარგად გამოაჩინა, რომ არ გააჩნია ტოლერანტული დამოკიდებულება. სხვათა შორის, თავად "ოცნებაშიც" ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც არ გაჩნია ტოლერანტული დამოკიდებულება განსხვავებული აზრის მიმართ, თუნდაც ხელისუფლების მომხრეების მისამართით. ბოდიშს ვიხდი თქვენთან, შეიძლება ეგოისტურადაც გამომდის, მაგრამ არც ჩემ მიმართ მალავენ გაღიზიანებას და ხან სიტყვაზე მთავრობასთან შეკრული ვარ და ხან რა და ხან რა. მათ ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ, რაც ძალიან ცუდია.
- რას ფიქრობთ, არსებულ სიტუაციაში რამდენად ანგარიშგასაწევ ძალად შეიძლება ჩაითვალოს "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი?
- რა თქმა უნდა, ანგარიშგასაწევი ძალა არის, თუმცა იმ არასერიოზულმა განცხადებებმა, რომელიც გაკეთებულ იქნა "ქართული ოცნებასთან" დაახლოებული წარმომადგენლების მიერ (როდესაც აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა ირაკლი ალასანიას მოსაზრებაზე დაყრდნობით, დასავლეთ საქართველოში შეარაღებული ფორმირებების შექმნის შესახებ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს), ცხადია, ამან "ქართული ოცნების" რეიტინგს ნეგატიური დაღი დაასვა. რეიტინგს, რომელიც დღეს 10% არ აღემატება. თუმცა ანგარიშგასაწევი ძალა ნამდვილად არის, რადგან "ნაცმოძრაობის" შემდეგ რეიტინგით მეორე ადგილზეა, მაგრამ ბევრი იქნება დამოკიდებული იმზე, რეალურად რა პროგრამას დადებენ.
- როგორ ფიქრობთ, პარტიის თავმჯდომარედ მანანა კობახიძის დანიშვნა გარკვეულწილად ხომ არ შეაფერხებს "ქართული ოცნების" ფუნქციონირებას?
- ჩემი აზრით, გარკვეულწილად შეაფერხებს "ოცნების" ფუნქციონირებას, რადგან ერთი მხრივ კობახიძეს არ გააჩნია პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილება, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლებამ ეს ფაქტი შეიძლება გამოიყენოს კოზირად და ამ შეთხვევაში შეიძლება ითქვას უკვე იყენებს, როდესაც იხსენებენ მანანა კობახიძის წარსულს - თუ როგორ იყო ქალბატონი კობახიძე ზოგიერთი კრიმინალური დაჯგუფების ადვოკატი. ალბათ, კობახიძის წარსულის ფაქტორი, პოლიტიკაში გამოუცდელობა, გარკვეულწილად ნეგატიურ დაღს დაასვამს "ქართული ოცნების" სამომავლო საქმიანობას.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი