ENG / RUS       12+

გიორგი ბადრიძე თომას დე ვაალს ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს

საქართველოს ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე აპროტესტებს იმას, თუ როგორ წარმოაჩენს მის ქვეყანას ანალიტიკოსი თომას დე ვაალი. ინფორმაციას ამის შესახებ Foreign Policy ავრცელებს, რომელიც აქვეყნებს როგორც ბადრიძის წერილს, ისე ელჩის კრიტიკაზე თომას დე ვაალის პასუხს. სტატიის ქართულ ვერსიას Foreignpress აქვეყნებს.

"თომას დე ვაალის სტატია "როგორ გვიხსნის გოგოლი პოსტსაბჭოთა ქვეყნების არსს" (How Gogol Explains the Post-Soviet World, 2012 წლის მარტი/აპრილი) სავსეა შესანიშნავი მეტაფორებით და ლიტერატურული ანალოგიებით. თანამედროვე რუსეთის შედარება გოგოლის "რევიზორთან" ძალიან ადეკვატურია, თუმცა სტატია მართლაც შესანიშნავი იქნებოდა, თუ მასში რეალურ დეტალებს ჩემს ქვეყანაზე, საქართველოზე მეტი ყურადღება დაეთმობოდა. დე ვაალი საბჭოთა კავშირს უწოდებს "მონოლითს", რომლის ერთიანი ისტორია 15 ისტორიად გაიყო მას შემდეგ, რაც ის 15 ცალკეულ სახელმწიფოდ დაიშალა. მაგრამ ეს მოსკოვისეული მცდარი შეხედულებაა. ჩემს ქვეყანას, ისევე როგორც საბჭოთა იმპერიის სხვა ტუსაღ ქვეყნებს, თავისი ისტორია აქვს და ის თითქმის სამ ათასწლეულს ითვლის. დიახ, ჩვენ გვქონდა უცხოელების ბატონობის პერიოდები, მათ შორის, უკანასკნელი - 1921 წელს, ბოლშევიკების ინტერვენცია გახლდათ. თუმცა ქართველებმა, ისევე როგორც ჩვენმა დატყვევებულმა თანამოძმეებმა - სომხებმა, აზერბაიჯანლებმა, ესტონელებმა, ლატვიელებმა, ლიტველებმა და სხვებმა - პირველი შესაძლებლობისთანავე თავისუფლება ავირჩიეთ. საბჭოთა კავშირს ხალხთა საპყრობილე, ხოლო მათი გათვალისწინებით ვისაც ნაკლებად გაუმართლა, შეიძლება, სასაფლაოც კი უწოდო. მაგრამ ის მონოლითი არ ყოფილა. ამას ავტორი მეორე შეცდომამდე მიჰყავს. დოსტოევსკისთან ანალოგიის მცდელობისას ის ამტკიცებს, რომ თხუთმეტივე ეს რესპუბლიკა ("გარდა რუსეთისა") "მამის მკვლელი" იყო; მათ "მოკლეს რუსი მამა იმისთვის, რომ თავისუფლება მიეღოთ". შესანიშნავად ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. საბჭოთა კავშირი მოკლეს რუსმა ბორის ელცინმა, უკრაინელმა ლეონიდ კრავჩუკმა და ბელორუსმა სტანისლავ შუშკევიჩმა, რომლებმაც 1991 წლის დეკემბერში ბელოვეჟის შეთანხმება გააფორმეს. უფრო ზოგადად კი, საბჭოთა კავშირი მისმა წინააღმდეგობრიობამ და არაკომპეტენტურობამ მოკლა და არა ქართველებმა ან რომელიმე სხვა "მოუსვენარმა ერმა", როგორც ჩვენ მაშინ გვახასიათებდნენ. შემდეგ თომას დე ვაალი ამტკიცებს, რომ ქართულ არისტოკრატიას, ეკლესიას და კომუნისტ ლიდერებს რუსეთთან მჭიდრო კავშირები ჩამოუყალიბდათ, რის გამოც გაყრა განსაკუთრებით მტკივნეული იყო. საუკეთესო შემთხვევაში, ეს ისტორიის მხოლოდ ნაწილია. სინამდვილეში, სხვა ქვეყნებს, სხვადასხვა მიზეზის გამო, ჩვენგან განსხვავებით, სახელმწიფოებრიობის შექმნა ბევრად უფრო გაუჭირდათ. რუსეთმა საქართველოს შენარჩუნებისთვის საკუთარი გავლენის სფეროში (მათ შორის, 2008 წლის ომის დროს, რომელიც, როგორც ამას პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებდა, ჩვენი ნატო-ში გაწევრიანებისთვის დაბლოკვას ისახავდა მიზნად) უზარმაზარი ძალისხმევა გაიღო. თუმცა ეს რუსეთის მისწრაფებებს ასახავს და არა ჩვენსას. არასწორია ისიც, თითქოს რუსეთის და საბჭოთა იმპერიის არსებობის განმავლობაში, საქართველოს მასთან მჭიდრო კავშირები ჩამოუყალიბდა. მეფის რუსეთის დროს, ერთ წარმატებულ ქართველ არისტოკრატზე 10 რეპრესირებული მოდიოდა, მთელი ჩვენი სამეფო ოჯახის ჩათვლით. რუსებმა გააუქმეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია - მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც არაბების, მონღოლების, თურქების და სპარსების ბატონობას გადაურჩა. თითოეულ ქართველ კომუნისტზე, რომელიც საბჭოთა იერარქიაში მსახურობდა, გულაგში განადგურებული ათობით ათასი ქართველი მოდიოდა. ავტორი საუბრობს ასევე იმ გაცვეთილ იდეაზე, თითქოს საქართველოს "სტალინის კომპლექსი" აქვს. დიახ, სამწუხაროდ, ცნობილი იოსებ ჯუღაშვილი პატარა ქართულ ქალაქ გორში დაიბადა, მაგრამ მთელი ზრდასრული ცხოვრება ბოლშევიზმის საქმეს მიუძღვნა და არა საქართველოს. სხვა ერებს (მათ შორის ქართველებს) ის უკიდურესად მკაცრად ეპყრობოდა: მთელი ძალით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ "ველიკორუსია" (და გარკვეული თვალსაზრისით, შოვინისტი), რომელმაც თავისი პროვინციული წარმომავლობა გადალახა. სტალინი დღეს რუსეთში ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე საქართველოში. დე ვაალს უფლება აქვს, საქართველოს მთავრობის პოლიტიკას არ დაეთანხმოს და მე პირველი ვადასტურებ იმას, რომ ჩვენ საქმიანი კრიტიკისთვის გახსნილი ვართ, მაგრამ ის ამცირებს იმ რეფორმების მნიშვნელობას, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს: კურუფციასთან და ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლას, ასევე ბიზნესისთვის საუკეთესო კლიმატის შექმნას მისი რეგულირების ზომებითა და გამჭვირვალობით და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი კონსენსუსის გარეშე იქნა მიღწეული. შემიძლია, მხოლოდ აღვნიშო, რომ ჩემი მთავრობა მთელი მისი მმართველობის პერიოდში დემოკრატიული მანდატით სარგებლობს. მე არ ვიცი არც ერთი სხვა ქვეყანა, რომელმაც ასეთი ღრმა რეფორმები მთელი საზოგადოების თანხმობით განახორციელა. ჩემი ქვეყნის ლიდერები ამაყობენ იმით, რომ ერთ რიგში დგანან ისეთი ლიდერების გვერდით, როგორებიც კონრად ადენაუერი, მარაგრეტ ტეტჩერი, რონალდ რეიგანი არიან და მზად არიან, მოისმინონ ისტორიის განაჩენი იმ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რომლსაც ჩვენ მივსდევთ", - წერს ბადრიძე და ხაზს უსვამს, რომ "ვაალის სტატია საინტერესოა და ადგილებში ინფორმაციულიც, მაგრამ ფაქტები ლიტერატურულ პატივმოყვარეობას არ უნდა ეწირებოდეს".

თომას დე ვაალი, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ ელჩ გიორგი ბადრიძის წერილი "დილემის წინაშე აყენებს".

"ჩემი სტატია ტრადიციულ პოლიტიკურ ანალიზს არ წარმოადგენდა, არამედ იმის მცდელობა იყო, რომ სამ პოსტსაბჭოთა საზოგადოებაზე ერთგვარი სიღმისეული სინამდვილე ლიტერატურული გზებით გამომეხატა. მე შემეძლო უფრო დეტალური ანალიტიკური პასუხი გამეცა და აღმენიშნა ის არცთუ სამაგალითო რეალიები და მანკიერი შედეგები თანამედროვე ქართული ელიტის რეფორმებისა, რომლებსაც მე, მიუხედავად ბადრიძის მტკიცებისა, ვაფასებ, განსაკუთრებით კი იმ ქართულ რეფორმებს, რომელიც კორუფციის წინააღმდეგაა მიმართული. მაგრამ ეს ჩემი თავდაპირველი სტატიის სულისკვეთების ადეკვატური არ იქნებოდა. ნება მომეცით, გავიმეორო, რომ დღევანდელი ქართული ელიტის პროგრამის წინააღმდეგობრივი ხასიათი, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ "რეფორმები" შესაბამისი შეკავების და საპირწონეთა დემოკრატიული სისტემის არარსებობის პირობებში ხორციელდება, იმ მიზნით, რომ ეს რეფორმები "შეუქცევადი" გახდეს, არის ის, რასაც მე-19 საუკუნის ნებისმიერი ჭეშმარიტი რუსი ან ქართველი რადიკალი აღიარებდა და რის თვალსაჩინო მაგალითსაც დოსტოევსკის ნაწარმოებები წარმოადგენს. იმას, თუ როგორ განვითარდება ეს ისტორია საქართველოში, ჩვენ დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ვნახავთ, როდესაც მიმდინარე საარჩევნო ციკლი დასრულდება. თუმცა, როგორც დავწერე, დღეს სახეზეა, ყველაზე ცოტა, გამაფრთხილებელი ნიშნები იმისა, რომ დემოკრატია მსხვერპლად უტოპიურ მიზნებს ეწირება. აი, თუნდაც ეს ერთი მაგალითი: შეურიგებელ ბრძოლას კორუფციასთან მოჰყვა ის, რომ დღეს ქართული ციხეები გადავსებულია, თანაც ბევრი პატიმრის ციხეში ჩასმა საჭირო საერთოდ არ იყო. შარშან პატიმრების რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე საქართველომ რუსეთს გაუსწრო და მსოფლიოში მეოთხე ადგილი დაიკავა. აქ არ შემიძლია, დოსტოევსკის არ დავეთანხმო, რომელიც წერდა, რომ საზოგადოების ცივილიზებულობის ხარისხის განსჯა მისი ციხეებით შეიძლება", - აცხადებს დე ვაალი.

 

 

ავტორი: . .