აპრილის ბოლომდე აფხაზეთში მდებარე რუსული საოკუპაციო არმიის ბაზაზე 400 უმცროსი სპეციალისტი ჩავა, რომლებმაც სამხედრო მომზადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრებში გაიარეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, "სამხედრო ბაზის ნაწილების დაკომპლექტებისათვის გაგზავნილია კარგად მომზადებული მძღოლ-მექანიკოსები, ტანკ ტ-90ა-ს ოპერატორები, თვითმავალი ჰაუბიცების "აკაციისა" და გრადის მძღოლ-მექანიკოსები, ასევე სარაკეტო კომპლექს "შტურმ-ს"-ის სპეციალისტები და სხვა".
ამას გარდა, მათივე ინფორმაციით, ადიგეს სამხედრო პოლიგონზე გაიმართება 1,5 ათასი წვევამდელის სამხედრო წვრთნა, რომლებიც წვრთნის გავლის შემდეგ აფხაზეთში გაიგზავნებიან და იქ არსებულ ბაზაზე გაივლიან სამხედრო სამსახურს.