რესპოდენტის შესახებ
_ ქალბატონო ქეთი, რატომ გადაწყვიტეთ, ხელოვნებიდან პოლიტიკაში წასვლა?
_ ხელოვნებიდან მე არსად არ წავსულვარ. ვრჩები ხელოვნებაში რეჟისორადაც და გავაგრძელებ ჩემს საქმიანობასაც. თუმცა ვუერთდები პოლიტიკურ პარტიას ივანიშვილისა, რადგან მგონია, რომ ქვეყანაში რადიკალურად უნდა შეიცვალოს სიტუაცია. თუ მე დავეხმარები ჩემს ქვეყანას და ბატონ ბიძინა ივანიშვილს მოვკლათ ის საშინელი შიშის სინდრომი, რაც ქვეყანაში არსებობს მოხარული ვიქნები და ვფიქრობ, ამის გაკეთება შემიძლია. მინდა რაღაცა შეიცვალოს, რადგან გაუსაძლისია საქართველოში ცხოვრება თანაც ისე, რომ ასეთი გაუსაძლისი სიტუაცია არასოდეს არ ყოფილა.
_ რამ მოგცათ ბიძგი ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად?
_ თქვენ კარგად ცხოვრობთ?, თავისუფლად გრძნობთ თავს ამ ქვეყანაში?, ბედნიერი ხართ?. მე არ ვარ ბედნიერი და მიმაჩნია, რომ ჩემი შვილები უნდა ცხოვრობდნენ თავისუფალ ქვეყანაში და დღეს საქართველო არ არის თავისუფალი და მსურს ჩემი სამშობლო გავათავისუფლო შიშისგან და იმ უკანონობისგან, რასაც ჩადის მმართველი გუნდი. ,,ნაცმოძრაობა" სულ სხვა რამეს გვპირდებოდა, თუმცა სულ სხვა რამედ აქციეს ეს ქვეყანა.
_ ქალბატონო ქეთი, რატომ შეაჩერეთ არჩევანი ,,ქართულ ოცნებასა" და ბიძინა ივანიშვილზე?
_ არჩევანი იმიტომ გავაკეთე მასზე, რომ ამ ადამიანს არავის არაფერი არ შურს, მას არ სჭირდება კაპიტალის დაგროვება, ისე როგორც სჭირდებოდათ ,,ნაცმოძრაობას". მე როდესაც ვუყურებ, როგორ ცხოვრობენ ესენი, სად დადიან მათი შვილები, სად სწავლობენ და ფლობენ მილიონიან ქონებას, ნამდვილად ვიცი, რომ ესენი არიან ნეობოლშევიკები, ოღონდ ბოლშევიკები ამათგან განსხვავებით, გაღლეტილები დადიოდნენ და დააქციეს მთელი ქვეყანა და ესენი კი ცხოვრობენ, როგორც მილიონერები და ჭამენ ჩემსა და თქვენს ფულს.
ბიძინა ივანიშვილს არავისი არაფერი არ უნდა, თავისი ქვეყნის კეთილდღეობის გარდა. არც ეს თავის ტკივილი არ სჭირდებოდა, რაც აიკიდა, მაგრამ ალბათ, ისიც მივიდა იმ ზღვარამდე, როცა ეს ნაბიჯი უნდა გადაედგა, რადგან ხელისუფლება უკვე დაუკრეფავში გადავიდა. თქვენ მოგწონთ, როცა კონტროლის პალატა ხალხს აშიშვლებს და დაკითხვებს აწარმოებს?, მოგწონთ 35 000 პატიმარი საპყრობილეებში?, მოგწონთ გაუთავებელი მოსმენები?, მოგწონთ გაუთავებელი დაჭერები?, მოგწონთ 26 წლის პარლამენტარი პარლამენტში? _ ეს არის უკვე ბოლო წერტილი, ამის იქით უკვე არაფერი აღარ არის.
_ რა როლი ექნება ქეთი დოლიძეს, ქართულ პოლიტიკაში?
_ ჯერჯერობით კონკრეტულ ფუნქციაზე ივანიშვილთან არ მისაუბრია, მაგრამ გვექნება მუშაობა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რაც შემიძლია და სიტუაციის შესაცვლელად ყველაფერს გავაკეთებთ. ჩემი ხელოვნებით არავის არ ვემსახურებოდი, მაგრამ იმით, რასაც ვაკეთებდი, ვამბობდი ჩემს სატკივარსა და სათქმელს.
_ საზოგადოების წარმომადგენლები კოალიცია ,,ქართული ოცნების" პასიურობაზე საუბრობენ. თქვენ რას ფიქრობთ, ამ კუთხით და თვლით, თუ არა რომ ივანიშვილის მხრიდან უფრო მეტი აქტიურობაა აუცილებელი?
_ ყველაფერს თავისი დრო აქვს და დრო მოვა, როცა ყველაფერი უფრო აქტიურ ფაზაში გადავა. ძალიან მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
_ თქვენ როგორ აფასებთ, ბიძინა ივანიშვილის შანსებს არსებულ საარჩევნო პირობებში?
_ ბიძინა ივანიშვილს ძალიან მაღალი შანსები აქვს. მე, პირადად, არც NDI-ის და არც სხვის კვლევებს არ ვენდობი, რადგან ქუჩაში რომ გავაჩერო ადამიანი, ისე რომ ხელში არც კალამი მეჭიროს და არც ჩამწერი სიმართლეს მაინც არავინ მეტყვის, რადგან ქვეყანაში ტოტალური, ავტორიტარული შიშია გამეფებული. ამიტომ არცერთ კვლევას საქართველოში არასდროს არ ვენდობი.
_ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ,,აბა გაბედოს და არ დამიბრუნოს მოქალაქეობა", საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ სააკაშვილი მას პრინციპულად აღარ დაუბრუნებს მოქალაქეობას. თქვენ რას ფიქრობთ?
_ მე არ ვიცი რას იზამს სააკაშვილი, რადგან ის ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ადამიანი, რომელიც არ ხმარობს თავის ლექსიკონში ნაცვალსახელს ,,ჩვენ" და მხოლოდ ამბობს ,,მე"_ მე ავაშენე სიღნაღი, მე ავაშენე ბათუმი, მე ავაშენე ქუთაისი და ა.შ. პრეზიდენტს, რომელსაც არ აქვს ლექსიკონში ნაცვალსახელი ,,ჩვენ" და ამბობს მხოლოდ ,,მე", აქ საქმე ძალიან რთულ დიაგნოზთან გვაქვს. მუდმივად ყვირის, ტირის ვიღაცას ემუქრება რატომ გვემუქრება? _ჩვენ მისი ქვეყნის წევრები, მოქალაქეები არ ვართ? Bბოლოს და ბოლოს როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს შიში?
_ როგორ წარმოგიდგენიათ, ივანიშვილის როლი პოლიტიკაში, იმ შემთხვევაში, თუ მიხელ სააკაშვილი არ აღუდგენ მოქალაქეობას?
_ მიხელ სააკაშვილი ვერ გაბედავს, ივანიშვილს არ დაუბრუნოს მოქალაქეობა, ეს არის სრულიად დაუშვებელი. NDI-ის მონაცემების განსხვავებით, ის ხომ მაინც ვერ დამალეს, რომ ასეულობით ათასი ადამიანი ითხოვს, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას. იუსტიციის მინისტრის მოადგილე დაბნეული რას ილაპარაკებს პარლამენტში ისე, რომ ერთმანეთისგან ვერ არჩევს თავისი ანგარიშის თავსა და ბოლოს და მივლინებული საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ იმისთვის, რომ თქვას, ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენას კიდევ ხუთი დღე სჭირდება, ეს იმდენად სასაცილოა, რომ უკვე ჩემს შვილიშვილსაც აღარ სჯერა.
,,ჯი-ეიჩ-ენი" ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი