ხვალ, 30 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია "დიოგენეში" გაიმართება შეხვედრა პოეტ მარიამ წიკლაურთან.
მარიამ წიკლაურმა 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. მუშაობდა პედაგოგად, სხვადასხვა გამომცემლობის რედაქტორად. რადიო "ივერიაში" მიჰყავს ორი საავტორო გადაცემა: "საუბრები საბავშვო ლიტერატურაზე" და ლიტერატურული სალონი "ერთი საათი".
წიკლაური "საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის _ ლიბოს" ერთ-ერთი დამაარსებელია. ინიციატორია საქართველოში "ქართული საბავშვო წიგნის დღის - 27 ოქტომბრის" დაწესებისა. არის ამავე ფონდის ეგიდით 2006-2007 წლებში გამომავალი "საბავშვო ლიტერატურული ალმანახის" რედაქტორი.
მისი ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა კრებულში, ანთოლოგიებში, სახელმძღვანელოებში. მის ლექსებზე შექმნილია ბევრი საბავშვო და ლირიკული სიმღერა. არის 50-მდე წიგნის რედაქტორი და სხვადასხვა ლიტერატურული პროექტების მონაწილე, მათ შორის, მთარგმნელობითი მიმართულებით. საბავშვო და ლიტერატურული ჟურნალების სარედაქციო საბჭოს წევრი. თარგმნილი აქვს ჩინელი, რუსი, პოლონელი, ინგლისელი ავტორების ლირიკული და საბავშვო ლექსები. მისი პოეზია თარგმნილია ინგლისურ და პოლონურ ენებზე. არის ლიტერატურული კონკურსის "შოთაობა - 2009" გრანპრის მფლობელი, გადაეცა სანდრა რულოვსის სპეციალური პრემია "საუკეთესო ლექსისთვის".
2010 წელს წკლაურს მიენიჭა მაყვალა მრევლიშვილის სახელობის პრემია საბავშვო ლიტერატურაში ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის. 2011 წელს მის ლირიკულ კრებულს "თეთრი ხბორები", მიენიჭა თბილისის საკრებულოს მიერ დაარსებული ლიტერატურული პრემია "გალა" "წლის წიგნის" ნომინაციაში. ფონდ "ლიბოსთან" ერთად არის "ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიის" 2010 წლის ნომინანტი. 2010 წელს მიენიჭა საბავშვო წიგნის II ფესტივალის პრიზი "წლის საუკეთესო საბავშვო წიგნის ავტორობისთვის ("გასაფერადებელი ლექსები, გამომცემლობა `შემეცნება"). არის პოეტ ქალთა კონკურსის "ხვარამზეობა-2010" კონკურსის გამარჯვებული(მე-2 პრემია), ქრისტიანული პოეზიის "წმინდა ნინოს ფესტივალის" გამარჯვებული, ლიტერატურული კონკურსის "ლიტბუნიობის" გამარჯვებული (მე-3 პრემია).