იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინათინ ბურჯალიანის განცხადებით, პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების კორუფციაში მონაწილეობის შესახებ არგუმენტები, ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს. ამის შესახებ მან პარლამენტში დღეს გამართულ სამტავრობო საათზე განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი მოქმედებები არ მიმდინარეობს.
"პრეზიდენტის 2007 წლის 22 მარტის #127 დადგენილებით, "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს" ქონება - არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კანონმდებლობით დადგენილი ნორმატიული ფასით გადაეცა. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვეულებრივი ყიდვა-გაყიდვა შედგა. რაც შეეხება პრეზიდენტის 2007 წლის 20 ივნისს #308 განკარგულებას, აღნიშნული დოკუმენტის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ქართული ეროვნული სამოსი და მუსიკალური საკრავი-ინსტუმენტები შეიძინა და თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედ ქართული-ხალხური შემოქმედებისა და მხატვრული თვითშემოქმედების კოლექტივებს, ფოლკლორულ ჯგუფებსა და ანსამბლებს უსასყიდლოდ გადასცა", - განმარტა ბურჯალიანმა.
რაც შეეხება რადიო "მუზის" მიერ, რომელიც ბაღათურიას ინფორმაციით, პრეზიდენტის მეუღლეს ეკუთვნის, საქველმოქმედო ფონდ "ქართუსგან" საჩუქრად 1 101 294 ლარის აღებისა და პრეზიდენტის ქონებრივ დეკლარაციაში მისი არასახვის შესახებ დაფიქსირებულ ბრალდებებს, ბურჯალიანი განმარტავს, რომ კლასიკური მუსიკის ასოციაცია რადიო "მუზა" არაკომერციული, არასამეწამეო იურიდიული პირია, ის არ არის ორიენტირებული მოგებაზე და შესაბამისად, მისთვის გადაცემული ნებისმიერი ტიპის შემოწირულობა და საჩუქარი საქართველოში კლასიკური მუსიკის ხელშეწყობასა და მის პოპულარიზაციას ემსახურება.
მისი თქმით, ასოციაციის დამფუძნებლები და წევრები მატერიალურ და სხვა სახის უპიტესობას არ იღებენ, შესაბამისად არ არსებობს კორუფციის ნიშნები.
აღსანიშნავია, რომ ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" მიერ მინისტრებისთვის გადაგზავნილი 10 შეკითხვიდან 5 პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების კორუფციასთან კავშირს ეხებოდა.