საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამომხმარებლო ფასების ინდექსის მეთოდოლოგიის მიხედვით, სამომხმარებლო კალათის პერიოდული განახლება აუცილებელია და სასურველია ყოველწლიურად მოხდეს. შესაბამისად, ყველა ქვეყანა პერიოდულად ახდენს სამომხმარებლო კალათის განახლებას. განვითარებული ქვეყნები ამას აკეთებენ ყოველწლიურად, ხოლო განვითარებადი ქვეყნები განსხვავებული პერიოდულობით. 2012 წლამდე საქართველოში სამომხმარებლო კალათა ბოლოს განახლდა 2010 წელს. 2012 წლიდან დაგეგმილია კალათის ყოველწლიური განახლება.
საქსტატი ვერ გაიზიარებს მოსაზრებას, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსის მეთოდოლოგია შეცვლილია და შეუძლებელია გასული წლის ფასებთან შედარება. ასე რომ იყოს, განვითარებული ქვეყნები სამომხმარებლო კალათას ყოველწიურად არ შეცვლიდნენ. შეცვლილი სამომხმარებლო კალათის მიხედვით დათვლილი ინდექსი შესადარია წინა პერიოდის ინდექსთან, რადგან ორივე კალათა მომხმარებლის დანახარჯების სტრუქტურის საფუძველზეა შედგენილი.
კალათის ცვლილება გამოწვეული სამომხმარებლო ხარჯების სტრუქტურის ცვლილებით და არა საქონლის თუ მომსახურების ფასის ცვალებადობის გათვალისწინებით. როცა სამომხმარებლო კალათა დგება, წინასწარ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რომელი საქონელი გაძვირდება ან პირიქით, გაიაფდება. 2011 წლის წლიური ინდექსის შემცირებაში მნიშვნელოვანი წვლილი სურსათმა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა შეიტანა (პროცენტული ცვლილება -7,1%; წვლილი ინდექსში -3,5%), რომლის წონაც შემცირებულია განახლებულ კალათაში და არა გაზრდილი.
რეგიონების ფასების დონე სამომხმარებლო ფასების ინდექსზე გავლენას ვერ ახდენს, რადგან ინდექსი ზომავს ფასების პროცენტულ ცვლილებას.
საქსტატმა მოაწყო განახლებული სამომხმარებლო კალათის საჯარო პრეზენტაცია 2012 წლის იანვარში. მიუხედავად ამისა, საქსტატი მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან თუ ორგანიზაციასთან ერთად დამატებით განიხილოს განახლებული სამომხმარებლო კალათა.