ხვალ, 16 მარტს, 11:00 საათზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება, რომელზეც 1-ელი მარტის მდგომარეობით, ღვინის ექსპორტის მონაცემებს შეაჯამებენ.
ბრიფინგის შემდეგ, მოლდოვაში გამართულ ყოველწლიურ ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა -კონკურსზე ,,CHISINAU WINES AND SPIRITS CONTEST" გამარჯვებულ ქართულ კომპანიებს სპეციალურ დიპლომებს გადასცემენ. კიშინიოვის კონკურსზე ქართულმა სასმელებმა 3 ოქროს და 5 ვერცხლის მედალი დაიმსახურეს.
ოქროს მედალი მიიღეს „კორპორაცია ქართული ღვინის" ღვინო ქინძმარაული მიკიტანი 2007-მა; კომპანია „სარაჯიშვილის" ენისელმა და „სარაჯიშვილის" - XO-მ
ხოლო ვერცხლის მედალის მფლობელები გახდნენ: „ბაგრატიონი 1882" - კლასიკური მშრალი 2010; „ბაგრატიონი 1882" - ოქრო 2010; „ბაგრატიონი 1882" - ნახევრად მშრალი 2010; შ.პ.ს." ვაინმენი" - საფერავი კაბერნე 2010 და „კახური ტრადიციული მეღვინეობა" - ჭაჭა (ყურძნისეული);
გამოფენა ,,CHISINAU WINES AND SPIRITS CONTEST" ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (O.I.V.)-ის რეგლამენტით ჩატარდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ჯილდოები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების მაღალ ხარისხს, რაც საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციას და ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდას შეუწყობს ხელს.