საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მსოფლიოში აღიარებული იტალიელი დიზაინერი, ჯორჯეტო ჯუჯარო თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, გიორგი კარბელაშვილს შეხვდა.
იტალიელმა დიზაინერმა ქართულ მხარეს საქართველოში დაგეგმილი პროექტები გააცნო, რომლებიც საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე სამშენებლო პროექტები, მათ შორის ქუთაისის აეროპორტის არქიტექტურისა და მშენებლობის საკითხებიც განიხილეს. გიორგი კარბელაშვილმა სურვილი გამოთქვა, რომ ჯორჯეტო ჯუჯაროს კომპანიას მონაწილეობა მიეღო ქუთაისის აეროპორტის შიდა დიზაინის შექმნაში.
"ისინი საქმის კურსში არიან ქუთაისის აეროპორტის მშენებლობის შესახებ, რადგან, მათივე თქმით, ეს აეროპორტი, რომელსაც ცნობილი არქიტექტორები აშენებენ, ძალიან მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, არქიტექტურის სკოლაში. მათ გამოხატეს თანხმობა ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე და გამოთქვეს დიდი სურვილი, მონაწილეობა მიიღონ ქუთაისის აეროპორტის შიდა დიზაინის პროექტის შემუშავებაში. მნიშვნელოვანია, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან ზოგადად საქართველოთი, აღმშენებლობით, შეხვედრებს მართავენ სხვადასხვა კომპანიებთან და დიდი ინტერესი აქვთ, ჩვენს ქვეყანაში შექმნან როგორც საწარმოები, ასევე სხვადასხვა ჯგუფები, რომლებსაც საკუთარ გამოცდილებას გადასცემენ" - განაცხადა გიორგი კარბელაშვილმა.
უახლოეს ხანში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება კავკასიის რეგიონში ერთადერთი, დიზაინის საერთაშორისო სკოლა, რომელსაც პატრონაჟს ჯორჯეტო ჯუჯარო გაუწევს. ახალ სკოლაში ახალგაზრდები პროდუქტებისა და სამრეწველო დიზაინის, კომუნიკაციის, რეკლამის, ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის, სატრანსპორტო დიზაინის, გრაფიკული და დეკორაციული დიზაინის პროფესიებს დაეუფლებიან. აღნიშნული ინიციატივა საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.