აშშ-ის საზღვაო ქვეითები და საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივ სამხედრო წვრთნაში, Agile Spirit 2012, რომელიც 10-24 მარტს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე გაიმართება. წვრთნაში ჩართული იქნება შავი ზღვის მე-12 როტაციული ძალების 300-ზე მეტი საზღვაო ქვეითი.
შავი ზღვის როტაციული ძალების ბაზა რუმინეთის ქალაქ კონსტანტაშია განთავსებული. ერთობლივი წვრთნის მიზანია, გააღრმავოს თავსებადობა ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის, დაეხმაროს მათ საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების ერთმანეთისთვის გაზიარებაში ამბოხებულთა საწინააღმდეგო და სამშვიდობო ოპერაციების წარმოებისას. წვრთნა ითვალისწინებს მცირერიცხოვანი სამხედრო დანაყოფების ტაქტიკის, ესკორტირებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფის ტექნიკის დახვეწას.
Agile Spirit ყოველწლიური სამხედრო წვრთნაა. ის აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია. ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობა მოიცავს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების პროგრამასაც. ამ პროგრამით საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის ემზადებიან.
შავი ზღვის მე-12 როტაციული ძალები აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის შემადგენელი ნაწილია. ის როტაციის პრინციპით, მსახურობს შავ ზღვაზე, ბალკანეთსა და კავკასიის რეგიონში, თანამშრომლობს პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებთან და ეხმარება მათ სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაში, ხელს უწყობს სტაბილურობის გამტკიცებას მთელ რეგიონში და ავითარებს მტკიცე პარტნიორობას აღმოსავლეთი ევროპის 19 სახელმწიფოსთან.