სოფლის მეურნეობის პროდუქციის საწარმოო გადამუშავებამდე დღგ-სგან გათავისუფლებ აგრო პროდუქციის გაიაფებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ბუცხრიკიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, „საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებები დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
"საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებები, რომელიც სოფლის მეურნეობას ეხება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ის კიდევ უფრო განავითარებს სოფლის მეურნეობის სექტორს, რაც თავის მხრივ განავითარებს იმ საწარმოებს რომლებიც დღეს დღგ-ს იხდიან და ამიერიდან ეს გადასახადი ჩაეთვლებათ და აღარ გადაიხდიან. იმავდროულად ეს ყველაფერი ჩვენი აზრით პროდუქციის ღირებულებასაც შეამცირებს, ასე რომ გლეხიც კმაყოფილი იქნება და მომხმარებელიც"- განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ბუცხრიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ „საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებების მიხედვით, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) დღგ-ისგან თავისუფლდება. დღგ-სგან თავისუფლდება ასევე ქვეყანაში წარმოებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის და თხის ახალი ან გაციებული ხორცის მიწოდება.