მთავრობა საწარმოთა მართვის სააგენტოს გაუქმებას გეგმავს. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ განაცხადა, საწარმოთა მართვის სააგენტოს ლიკვიდაცია 2012 წლის 1-ელ მაისამდე განხორციელდება.
„საწარმოთა მართვის სააგენტოს ფუნქციებს შეითავსებს უშუალოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ანუ ცენტრალურ აპარატში შეიქმნება სპეციალური სტრუქტურული ერთეული. სააგენტოს ლიკვიდაციის მიზანია ის, რომ საწარმოთა მართვის სააგენტოს გარკვეული ფუნქციების განხორციელებისათვის სამინისტროსთან შეთანხმება სჭირდებოდა, რაც ბიუროკრატიასთან იყო დაკავშირებული"- განაცხადა ნათია მიქელაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, ამიერიდან სააგენტოს ფუნქციები უფრო ოპერატიულად და ცენტრალიზებულად განხორციელდება.
საწარმოთა მართვის სააგენტოში ამ დროსათვის დაახლოებით 45 ადამიანი მუშაობს და როგორც ნათია მიქელაძე განმარტავს ამ თანამშრომლების ერთიანად გაშვება არ იგეგმება. მინისტრის მოადგილის თქმით, რადგანაც ეს ისეთი სფეროა, რომ აღნიშნული კადრები საჭიროა და ამიტომაც მათი დატოვება კვალიფიკაციის მიხედვით მოხდება.
„სამინისტრო საჯარო სამსახურია და ამიტომ ამ კადრების აყვანა კონკურსის წესით მოხდება. გამოცხადდება კონკურსი და საბოლოდ ცენტრალურ აპარატში თანამშრომლებს კონკურსის წესით ავიყვანთ"- განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ნათია მიქელაძემ.