არასაპარლამენტო ოპოზიცია ცესკო-ს თავმჯდომარეობის "ყველაზე ღირსეულ" კანდიდატზე თავადაც შეჯერდება.
ამ საკითხზე ამ წუთებში სასტუმრო "დავითში" ოპოზიციონერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განუცხადა, "ღირსეულ კანდიდატზე შეთანხმების შემდეგ, შესაბამის რეკომენდაციას ოპოზიცია ხელისუფლებასა და ცესკო-ს ოპოზიციონერ წევრებს წარუდგენს".
"ცესკო-ს თავმჯდომარეობის დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან ისეთები, რომელთა შესახებ ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მას შემდეგ რაც პრეზიდენტის მხრიდან ამ პოსტზე სამი კანდიდატის დასახელება მოხდება, უნდა დავსხდეთ და მათ შორის ღირსეული შევარჩიოთ. ჩვენს რეკომენდაციას შემდგომ ცესკო-ს ოპოზიციონერ წევრებსაც გავაცნობთ", - განმარტა კუკავამ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარეობის 14 კანდიდატიდან სამი დღეს, დღის ბოლომდე უნდა დაასახელოს.