სტატიის თანახმად, სააკაშვილი დიდხანს ცდილობდა როგორმე სიმბოლურად მიეღწია იმისთვის, რომ ბარაკ ობამას ოვალურ კაბინეტში შეხვედროდა, მაშინ როდესაც უმცროს ჯორჯ ბუშთან ასეთი ორი შეხვედრა ჰქონდა.
"რაც შეეხება ობამას, მისი ფროიდისეული წამოცდენა „რუსეთზე", რაც მან შემდეგ თავად შეასწორა და თქვა „საქართველო", ბევრს გვეუბნება იმის შესახებ, თუ რაზე ფიქრობდა იგი. ობამასთვის, მნიშვნელოვანია თავი დაიცვას კონკურენტი კანდიდატების რომნის და გინგრიჩის ბრალდებებისგან, რომ მან საქართველო თითქოს „გაწირა" რუსეთთან „გადატვირთვის" პოლიტიკის სანაცვლოდ. სააკაშვილის ფრაზა „ამ ოფისს ძალიან ბედნიერი ვტოვებ" - შეერთებული შტატების პრეზიდენტსაც გააბედნიერებს", - აღნიშნულია სტატიაში, რომლის ქართულ ვერსიას "ფორეინპრესი" აქვეყნებს.
ვაალის ინფორმაციით, დღის წესრიგის პირველი საკითხი სამხედრო თანამშრომლობა იყო.
"ობამას ადმინისტრაცია აქაც გამოუვალ მდგომარეობაშია. პენტაგონს უყვარს საქართველო, რადგან ის ფაქტობრივად ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ავღანეთში სამხედრო კონტიგენტი გაზარდა (და ისეთ სახიფათო პროვინციაში, როგორიც ჰელმანდია), მაშინ როდესაც ყველა სხვამ - შეამცირა. მაგრამ შეერთებულმა შტატებმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოსთვის იარაღი არ მიეწოდებინა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს რუსებს განარისხებს და მეორე მხრივ მას სჯერა, რომ ეს მხოლოდ გააძლიერებს იმ ჩიხს, რომელიც მოსკოვთან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ირგვლივ არსებობს. იმავდროულად, ქართველები მოითხოვდნენ ვაშინგტონისგან ერთგვარ ახალ განცხადებას მათ ნატოში მისწრაფებაზე 2012 წლის მაისში დაგეგმილ ალიანსის სამიტზე ჩიკაგოში. შედეგი კი ისეთი სიტუაციაა, როდესაც ქართველები საუბრობენ იარაღზე და ნატოზე და კონგრესში ამ საკითხებს მთელი ძალით ლობირებენ, ხოლო თეთრი სახლის თავის არიდების ენა, სულ უფრო დახვეწილი ხდება. ოვალურ კაბინეტში შეხვედრის შემდეგ, ობამამ განაცხადა, „ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს სამხედრო თანამშრომლობას", და „შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მის მისწრაფებაში საბოლოოდ გახდეს ნატოს წევრი". სიცხადის არარსებობა აქ იმ წარმოდგენას ადასტურებს, რომ ეს ადმინისტრაცია შეეცდება სამხედრო თანამშრომლობის ისეთი ახალი ფორმების მოძიებას, რომელშიც იარაღის მიყიდვა არ შევა და რომ ჩიკაგოში ისინი შეეცდებიან თავი აარიდონ საქართველოს საკითხს ევროპელი მოკავშირეების პატივისცემის ნიშნად, რომლებსაც 2008 წლის ომის შემდეგ ალერგია აქვთ თემაზე „საქართველო ნატოში"", - წერს ვაალი.
რაც შეეხება ვაჭრობას, სტატიის ავტორის წერს, რომ შარშან, შეერთებული შტატების ექსპორტმა საქართველოში 538 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო იმპორტმა - 176 მილიონ დოლარს, რაც ათიწლისწინანდელ მაჩვენებელთან შედარებით ციფრი თითქმის შვიდჯერ გაიზარდა, მაგრამ ჯერ კიდევ დაბალია, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ორასაჯერ მცირეა აშშ-გერმანიის სავაჭრო ბრუნვის მოცულობასთან შედარებით.
"მთვარი სიახლე, რის შესახებაც ობამამ თეთრ სახლში განაცხადა, საქართველოსთან „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება" გახლდათ. ეს სააკაშვილისთვის დიდი პოლიტიკური ჯილდო იქნებოდა, რადგან შეერთებულ შტატებს დღევანდელ დღეს არ აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ცალკეულ ევროპულ ქვეყანასთან. თეთრი სახლისთვის ეს ისეთი რამ იყო, რაც მათ შეეძლოთ სააკაშვილისთვის ახალი თავდაცვითი შეთანხმების ნაცვლად შეეთავაზებინათ. და ეს მათ გონივრულობაზე მიუთითებს, რადგან ისინი ცდილობენ კონგრესს ჯექსონ-ვენიკის შესწორება გააუქმებინონ - ის, რაც უნდა მოხდეს მანამ, სანამ ამერიკული კომპანიები შეძლებენ იმ სავაჭრო პრივილეგიების მიღებას, რომელიც მათ ეკუთვნით რუსეთთან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების მიხედვით. ჯექსონ-ვენიკის შესწორების გაუქმების მცდელობას ადგილი ზაფხულის დასაწყისში ექნება, მალევე მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ კრემლში დაბრუნდება. ეს ხელს შეუწყობს კონგრესისთვის იმის თქმას, რომ ბიზნესი ბრმაა და შეერთებულ შტატებს თავისუფალი ვაჭრობა არამხოლოდ რუსეთთან, არამედ მის მოსისხლე მტერ საქართველოსთანაც უნდათ", - აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის თანახმად, შეხვედრა არსებითად საქართველოს საშინაო პოლიტიკას მიეძღვნა და საინტერესოა, რომ შეხვედრის შემდეგ ობამამ გამოსვლა ამ თემით გახსნა, რაც სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ ოვალურ კაბინეტში ის პრივატული საუბრის მთავარი ნაწილი იყო.
"აქაც შეერთებული შტატები კვლავ გამოუვალ მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ, შეერთებული შტატები ცდილობს, სხვა სახელმწიფოების შიდა პოლიტიკურ წვრილმანებში არ ჩაერიოს. მაგრამ საქართველო სახიფათოდ დაუახლოვდა აშშ-ს კლიენტი სახელმწიფოს სტატუსს, რადგან ვაშინგტონი მისი მთავარი ფინანსური დონორი, სამხედრო მწრთვნელი და პოლიტიკური მრჩეველია. პრეზიდენტი სააკაშვილი ერთადერთი არ არის - იმავე კვირას ვაშინგტონში ოპოზიციის ორი წამყვანი წარმომადგენელი იყო. რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ორი საარჩევნო ბრძოლა იმართება, ერთი თავად საქართველოში და მეორე ვაშინგტონში", - ნათქვამია სტატიაში.
ვაალი ასევე წერს, რომ საქართველოში ნომერ პირველი პოლიტიკური თემა - სააკაშვილის პირადი განზრახვებია. მისი მტკიცებით, უმალ, როგორც კი ის მომავალ წელს, საკუთარი საპრეზიდენტო ვადის ბოლოს გადადგება, ძალაში შევა ახალი კონტიტუცია, რომლის თანამხადაც ჩნდება ახალი ძლიერი პრემიერ-მინისტრის პოსტი. სააკაშვილს სამართლებრივად ამ პოზიციის დაკავების უფლება აქვს, მაგრამ თუკი ის ამას გააკეთებს, რა თქმა უნდა, უცხოეთში მისი რეპუტაცია შეილახება.
"ვიდრე ის ამ დილემაზე ფიქრობს, შიდა პოლიტიკური ზეწოლა, დარჩეს ხელისუფლებაში, ეწინააღმდეგება საერთაშორისო პოლიტიკურ გზავნილებს - დატოვოს სცენა. ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს, ობამამ ერთი თვალშისაცემი ფრაზა გამოიყენა: „ხელისუფლების ოფიციალური გადაცემა, რომელსაც ადგილი ექნება საქართველოში, რაც ჩემი აზრით განამტკიცებს ბევრ იმ რეფორმას, რომელიც უკვე განხორციელდა". ეს ისე გაისმა, თითქოს სააკაშვილს უთხრეს, რომ ვაშინგტონი ელის მისგან, რომ ის არ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. თუკი ეს ასეა, მაშინ ეს სასარგებლო რჩევაა სააკაშვილისთვის - თუმცა აშკარაა, რომ ის კიდევ უფრო ღრმად ითრევს ვაშინგტონს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში. როგორც ჩანს ეს პოლიტიკურად რთული წელი იქნება საქართველოში. თუმცა შესაძლებელია უკეთესიც კი იყოს შეერთებული შტატებისთვის, რომელიც პროცესში უკვე ნახევრად ჩართულია, თუკი ის სრულად დაკავდება ამ საქმით და შორიდან მაყურებლის როლში არ დარჩება, რადგან ქართული საზოგადოება მაინც ეჭვობს, რომ მის მომავალთან დაკავშირებული საკვანძო საკითხები ვაშინგტონში წყდება", - აღნიშნულია სტატიაში.