საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს სელესტ ვალანდერს და აშშ-ის ევროპული სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორის მოადგილეს ადმირალ მარკ მონტგომერს შეხვდა.
როგორც თავდაცვის სამინისტრი იუწყება, შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს. აშშ-ის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს სამხედრო სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და მოდერნიზაციას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. აშშ-ი ასევე დაეხმარება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში.
მინისტრთან შეხვედრამდე ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლებს შეხვდა.
ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოდან ხვალ გაემგზავრება.