აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ ქართველ კოლეგასთან, ბაჩო ახალაიასთან სატელოფონო საუბრისას, 21 თებერვალს, ავღანეთში დაღუპული სამი ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"დღეს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს ლეონ პანეტასა და საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაია შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ლეონ პანეტამ ბაჩო ახალაიას და გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს შეერთებული შტატების მთავრობის სახელით მიუსამძიმრა. მან ღრმა მწუხარება გამოთქვა ავღანეთში 21 თებერვალს სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო. თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მამაცობას და პროფესიონალიზმს", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
განცხადების თანახმად, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს თანადგომისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც აშშ-ს დელეგაციამ დოქტორ სელესტ ვალანდერის საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას გამოხატა.
21 თებერვალს, ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედროები -აპრალები ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა დაიღუპნენ. ქართველი სამხედროები თალიბებთან ბრძოლისას საბრძოლო მანქანის აფეთქებას ემსხვერპლნენ.
გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეები მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ.