რესპოდენტის შესახებ
27 თებერვალს პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაცია ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლთან აქციას გამართავს ეგიდით: ,,სტუდენტური გაზაფხული სამართლიანი არჩევნებისათვის". აქციის მიზანია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში ახალგაზრდობის ჩართვა და მათი მაქსიმალურად გააქტიურება. როგორც პარტიის „განახლებული საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე აცხადებს, ქართველ ახალგაზრდებში პასიურობის ხანა უნდა დამთავრდეს, რადგან პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზდრობის ჩართვა გადამწყვეტ როლს თამაშობს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 2012 წლის არჩევნების კონტექსტში.
- რა მიზანი აქვს აქციას?
- ერთადერთი მიზანი ახალგაზრდების გააქტიურებაა. ვფიქრობ, დროა ჩვენი თაობა გამოვიდეს ინერტული გაუგებრობიდან და საკუთარი მომავლის შექმნაზე თვითონ აიღოს პასუხისმგებლობა. დღეისათვის სტუდენტებში პოლიტიკურ თემებზე აქტიურობა არაპოლულარულია. ასეთი რეალობის შესაქმნელად ხელისუფლებამ წლების განმავლობაში იმუშვა და ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერჯერობით საზოგადოების ამ ნაწიილისაგან „საშიშროებას" არ გრძნობს. თუმცა ვფიქრობ, რომ აქტიური მუშობის შედეგად შეიძლება სტუდენტობამ შეასრულოს მთავარი როლი საქართველოს პერსპექტიული მომავლის შექმნაში.
- რატომ არის აქციის გამართვა სწორედ ახლა მნიშვნელოვანი?
-მოგეხსენებათ არჩევნები ახლოვდება და დემოკრატიული სამყაროს ყურადღება საქართველოსკენ არის მოპყრობილი. ჩვენი მთავრობა ცდილობს მათ დარწმუნებას, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს დემოკრატიული პროცესები, რეფორმები, რომ ცხოვრება მშვენიერია და ა.შ.. ვფიქრობ, სწორედ ასეთ ვითარებაში უნდა დავანახოთ მსოფლიო საზოგადოებას რა ხდება სინამდვილეში ჩვენს ქვეყანაში. ამ რეალობაში კი ახალგაზრდობის პროტესტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
- როგორ ფიქრობთ, რა გამოხმაურება მოჰყვება ამ აქციას, გამოგყვებათ ახალგაზრდობა?
- ვფიქრობ, რომ ამ აქციაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა იმ ახალგაზრდამ ვინც ღირსეულ მოქალაქედ თვლის თავს, ვისაც გაცნობიერებული აქვს, რომ ასეთ გაურკვეველ პოლიტიკურ ფორმაციაში ცხოვრებას პერსპექტივა არა აქვს. აქედან გამომდინარე, მთავარია რას გადაწყვეტს ქართველი ახალგაზრდობა, დარჩება სახლში თუ გამოაჩენს დროებით მიძინებულ ქართულ გამბედაობას. ქართულ სინამდვილეში ხომ ახალგაზრდობა ზედმეტად ხანმოკლე პერიოდია, ჩვენ ხომ ადრეულ ასაკში ვეჯახებით ცხოვრებისეულ პრობლემებს და ვიწყებთ კრიტიკულ აზროვნებას. ეს შეიძლება ნაწილობრივ ქართული გენეტიკის დამსახურებაა, თუმცა თანამედროვე არასრულფასოვანი ცხოვრებაც, რომ ამას უწყობს ხელს ფაქტია. მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვსაუბრობთ ამ თემებზე, რაც ჩვენ და ჩვენს ქვეყანას აწუხებს, პროტესტიც აქედან მოდის. საქართველოს უახლესი ისტორია გვიჩვენებს, რომ სწორედ ახალგაზრდობა იყო გადამწყვეტი ძალა ჩვენი ქვეყნის ყველა მნიშვნელოვან მოვლენაში. დარწმუნებული ვარ, 2012 წლის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაში ქართველი ახალგაზრდობა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.