დღეიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევა უნდა განხორციელდეს 2012 წლის 23 იანვრიდან 2012 წლის 30 ივნისამდე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვრა 1300 წვევამდელით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების -სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურში - 650 წვევამდელით.
რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა, იგი 2397 წვევამდელით განიზასღვრა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში გაწვეულ იქნებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება.
საქართველოში მცხოვრები 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ ბრძანებულების ძალაში შესვლის დღიდან ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში (საცხოვრებელი) რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია აღმოუჩინოს დახმარება ადგილებზე ადგილობრივი თვითმმართველობის, ხოლო ქალაქ თბილისში - რაიონის შესაბამის ორგანოებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.
ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კოორდინაცია უნდა გაუწიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს.