საქართველოს პრეზიდენტობის ყველა კანდიდტმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა ხმა ზანდუკელის ქუჩა #16-ში გახსნილ საარჩევნო უბანზე მისცა, სადაც მეუღლესთან სანდრა რულოვსთან და ორივე შვილთან ერთად მივიდა.
"როგორც საქართველოს ერთი მოქალაქის, ჩემი ქვეყნის ბედი ჩემი გადასაწყვეტია. ეს არჩევნები კიდევ ერთხელ დაადასტურებს დგას თუ არა ქართველი ხალხი ერთად. ამ არჩევნებზე გადაწყდება იქნება თუ არა საქართველო ენგურით გაყოფილი. ეს არჩევნები არის საქართველოს გაერთიანების საწინდარი". - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა, გია მაისაშვილმა საკუთარი არჩევანი თბილისის მე-60 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
მაისაშვილი გამარჯვებაში დარწმუნებულია და თავს მომავალ პრეზიდენტად მიიჩნევს.
"ხმა მივეცი თავისუფალ, სამართლიან და გაბრწყინებულ საქართველოს. დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებ", _ განაცხადა მაისაშვილმა.
ლეობორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა საკუთარი არჩევანი თბილისის 48-ე საარჩევნო უბანზე 10:10 საათზე გააკეთა.
"გამარჯვება გარდაუვალია, როგორც მინიმუმ 15 წლის განმავლობაში მორალურად მაინც ვიყავი გამარჯვებული", _ განაცხადა ნათელაშვილმა.
ახალი მემარჯვენეების პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით გამყრელიძემ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი ვაკეში #7 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
"იმედი მაქვს ქართველი ხალხის გონიერების. როგორც მინიმუმ ვვარაუდობ, რომ გადავალ მეორე ტურში და საბოლოოდ ვიქნები გამარჯვებული" - აღნიშნა გამყრელიძემ, სადაც მან საარჩევნო პროცედურა გაიარა.
პარტია "იმედის" პრეზიდენტობის კანდიდატმა ირინა სარიშვილმა ხმა ვაკის #14 საარჩევნო უბანში მისცა. სარიშვილის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი საკუთარ არჩევანში არ შეცდება.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ ვაკის #10 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა. მისი თქმით, მან ხმა მისცა საქართველოს უპირველეს ყოვლისა.
"განწყობა მაქვს ძალინა კარგი. ვფიქრობ აუცილებლად შევძლებ წარმატების მოპოვებას. ხმა მივეცი საქართველოს უპირველეს ყოვლისა.", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ საარჩევნო პროცედურის გავლის დასრულების შემდეგ. იგი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, შვილებთან და ძმასთან ერთად მივიდა.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი არკადი (ბადრი) პატარკაციშვილი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და ხმას ლონდონში მისცემს. პატარკაციშვილი საკუთარ არჩევანს საქართველოს საკონსულოს შენობაში გახნილ საარჩევნო უბანში დააფიქსირებს.