ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ირაკლი ფორჩხიძემ მორიგი ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ამ დროისათვის საქართველოს მასშტაბით არსებულ 3511 უბნიდან მხოლოდ ერთი უბანი არ გახსნილა. ირაკლი ფორჩხიძის თქმით, უამინდობის გამო შატილის რაიონში უბნის გახსნა ამ დროისათვისაც ვერ ხერხდება.
ცესკო-ს სპიკერის განცხადებით, ჯერჯერობით არ დასტურდება გავრცელებული ინფორმაცია სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიაზე ავნევში საარჩევნო უბნის ბლოკირებასთან დაკავშირებით.
"გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიაზე, სოფლებში ავნევსა და ნულში მოხდა საარჩევნო უბნების ბლოკირება და კომისიის წევრები უბანზე არ შეუშვეს, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება და ჩვენ ვცდილობთ მის გადამოწმებას", _ განაცხადა ფორჩხიძემ.
მისივე თქმით, ასევე არ დასტურდება ინფორმაცია გლდანის 53-ე უბანზე უბედური შემთხვევის შესახებ.
ფორჩხიძის განცხადებით, უმნიშვნელო ინციდენტი მოხდა მთაწმინდის 18-წე საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველს დაავიწყდა ბიულეტენზე ხელმოწერის გაკეთება, რის გამოც კომისიის წევრების თანდასწებით საარჩევნო ყუთის გახსნა გახდა საჭირო. ცესკო-ს სპიკერის თქმით, ამ დროისათვის ამ უბანზე პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს.
ცესკო-ში ასევე არ დასტურდება ინფორმაცია ბათუმის მე-4 უბანზე არსებული დარღვევის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ უბანზე ხმა სამხედროებმა მისცეს.