საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ ბაჩო ახალაიას ხელმძღვანელობით ავღანეთში იმყოფებოდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ავღანეთში ქართველი სამხედროების დისლოკაციის ადგილები მოინახულა და მათ დამდეგი ახალი წელი მიულოცა. თავდაცვის მინისტრმა ჰელმანდში შეხვედრები გამართა აშშ-ს შეიარაღებული ძალების სარდლობის წარმომადგენლებთან.
" ჩვენი ჯარისკაცების მოსანახულებლად და მათთვის დამდეგი ახალი წლის მოსალოცად ჩამოვედით, მიხარია რომ კიდევ რამდენჯერმე მოვისმინე ამერიკელი კოლეგების მადლობა და ჩვენი სამხედროების მაღალი შეფასება, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ ეს ბატალიონები ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და ამავდროულად დიდ გამოცდილებას იღებენ" - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
"ერთ-ერთი ბატალიონი, რომლის მეთაურიც მე გახლავართ მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონია (ქუთაისი). ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართული ბატალიონების მიერ შესრულებულმა სამუშაომ. ეს უკვე მესამე ქართული ბატალიონია, რომლის მეთაურობის პატივიც მე მხვდა წილად და მინდა გითხრათ, რომ ისინი არიან ძალიან მამაცი და თავდადებული სამხედროები. ისინი ძალიან კარგად ასულებენ მისიას კოალიციის საომარი მოქმედების რაიონში. ქართველი ხალხი უნდა ამაყობდეს ამ ჯარისკაცებით, რადგან ისინი არიან კარგი მეომრები, მამაცები, თავდადებულები და ძალიან დისციპლინირებულები. მე ვამაყობ იმ სამსახურით რაც მათ აქ, ჰელმანდის პროვინციაში, ავღანეთში გაწიეს. მე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია ამ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებზე. ისინი გამორჩეულად კარგი პარტნიორები არიან კოალიციისათვის და მე ძალიან მოხარული ვიქნები თუ კიდევ ვნახავ აქ მეტ ქართველ ჯარისკაცებს, რადგან ისინი არიან ძალიან კარგი, სანდო და მამაცი სამხედროები ," - განაცხადა აშშ-ს პოლკოვნიკმა ერიკ სმიტ,ა, რომელიც პოლკის მე- 8 საბრძოლო ქვედანაყოფს მეთაურობს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ავღანეთში 8 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა. მინისტრმა მათ სახელმწიფო ჯილდოები - ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენი, მედალი მხედრული მამაცობისთვის და მედალი საბრძოლო დამსახურებისთვის გადასცა.