საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ვაშინგტონიდან დაბრუნდა. ვაშინგტონში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები (BDC) გაიმართა.
როგორც თავდაცვის სამინისტრო იტყპობინება, ღონისძიებას აშშ-ს მხრიდან თავდაცვის მდივნის თანაშემწემ მიშელ ფლორნმა უმასპინძლა. მიშელ ფლორნმა აშშ-ს სახელით საქართველოს სრული მხარდაჭერა აღუთქვა თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის პროცესში. მან მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს "საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალებში" (ISAF).
ქართულ დელეგაციას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ ხარშილაძე ხელმძღვანელობდა.
კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრის მსვლელობისას დეტალურად განიხილეს დოქტრინების განვითარების საკითხები და განსაზღვრეს ახალი სფეროები სამომავლო თანამშრომლობისთვის. გარდა ამისა, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ისეთი საკთხები, როგორიცაა საქართველოს თავდაცვის ინსტიტუტების განვითარება, პროფესიული სამხედრო საგანმანათლებლო სისტემის მოდერნიზაცია და საექსპედიციო შესაძლებლობების სრულყოფა.
საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაცები ტრადიციულად ყოველ წელს იმართება და თანამშრომლობის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრას ითვალისწინებს.