თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას განცხადებით, ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე მიმდინარე შესყიდვებზე ისაუბრეს.
"ვისაუბრეთ უსაფრთხოების გარემოზე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მიმდინარე შესყიდვები იყო", - აღნიშნა ახალაიამ, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა სახის შესყიდვებზეა საუბარი.
როგორც სხდომის შემდეგ ნდობის ჯგუფის წევრმა გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არავისთვის საიდუმლო არ იქნება, რომ ის 45 მილიონი იხარჯება შეიარაღების შესყიდვაზე, რათა ჩვენი ჯარი ქმედუნარიანი იყოს.
"ვისაუბრეთ ჩიკაგოს სამიტის სამზადისზე. მაინტერესებდა, მინისტრისგან მომესმინა, რა სტანდარტებია ისეთი, რაც საქართველოს უნდა შეესრულებინა. ასევე განვიხილეთ თავდაცვის სფეროში სამხედრო ელიტის განათლების პროცესი. ვიცით, რომ როგორც ქუთაისში კადეტთა კორპუსის, ისე გორში სამხედრო აკადემიის ფუნქციონირება შექებას იმსახურებს. ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ თანმიმდევრობის გამოჩენას მხარს ვუჭერთ, რადგან ქვეყნის თავდაცვისთვის კვალიფიციური ქართული სამხედრო ოფიცრები მნიშვნელოვანი ფაქტორია", - აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ქრისტიან-დემოკრატებმა" ამ კითხვით საპარლამენტო კომიტეტის 18 ნოემბრის სხდომაზე, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებათა პროექტის განხილვაზე მყოფ ფინანსთა მინისტრ დიმიტრი გვინდაძეს მიმართეს, რომელმაც დეპუტატებს საკითხის ნდობის ჯგუფში განხილვა ურჩია.