„ეკონომისტის" სტატიის თანახმად, ივანიშნილს საქართველოში ისეთი დემოკრატიის დამკვიდრება უნდა, რომელიც "მსოფლიოს გააოცებს", მაგრამ მისი მოტივები ბუნდოვანია: მიილტვის ის ძალაუფლებისკენ? იქნებ კრემლის შიში (ან იქნებ მხარდაჭერა) ამოძრავებს? თუ მას მართლაც კარგი უნდა სამშობლოსათვის? "შვილი დამემუქრა, შენ თუ არ მოხვალ პოლიტიკაში მე მოვალო" მას შემდეგ რაც ივანიშვილმა ოპოზიცია "შეისწავლა" მის "უუნარობაში" დარწმუნდა. თუმცა ოპოზიციის ყოფილი ლიდერებისგან დახმარებასაც ელოდა, მათ შორის ირაკლი ალასანიასგან, საქართველოს ყოფილი ელჩისგან გაეროში.
„ივანიშვილი საქართველოზე ისე ლაპარაკობს, თითქოს ეს სარისკო კაპიტალდაბანდება იყოს, რომელსაც ერთი-ორი წლით სათავეში ჩაუდგება, დამოუკიდებელ სასამართლოს, თავისუფალ პრესას დაამკვიდრებს და კარგ მენეჯერებს დაასაქმებს. "ამ საქმეს ისე უყურებს, როგორც კონკურენტი კომპანიის დაუფლებას" ამბობს, ბიზნესმენი და რეფორმატორი კახა ბენდუქიძე. ივანიშვილის მთავარი მიზანი მსოფლიოში სააკაშვილის რეპუტაციის შელახვაა. "რეალურად ის არავის მოსწონს არც ევროპაში და არც ამერიკაში. აი ნახავთ, დასავლეთიდან მხარდაჭერა ორ-სამ თვეში აღარ ექნება."", - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის თანახმად, ივანიშვილი გმობს 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიას სეპარატისტული (და როგორც ამ ბოლო დროს არჩევნებმა გვაჩვენა კვლავაც პრობლემური) რეგიონების, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის გამო, მაგრამ ომის დაწყებაში სააკაშვილს ადანაშაულებს.
„რუსეთის პრემიერ-მინისტრზე, ვლადიმერ პუტინზე ლაპარაკისას ივანიშვილი ფრთხილობს. იგი აცხადებს, რომ საქართველო რუსეთზე ბევრად უფრო ნაკლებად დემოკრატიული ქვეყანაა და მეზობლის დამოძღვრის უფლება არ აქვს. დასავლეთთან დაკავშირებით კი ამბობს - "არავის არ უნდა რუსეთი საქართველოს გამო გადაიკიდოს"", - წერს გამოცემა.
სტატიის მიხედვით, სააკაშვილი უფრო რეფორმატორია, ვიდრე დემოკრატი.
„საქართველოს სასამართლოს თავისუფლება აკლია, პოლიცია პოლიტიზირებულია, პარლამენტი მთავრობის ნების შემსრულებელია, ბუნდოვანია ვის ეკუთვნის მედია საშუალებები და მთავრობაც არატოლერანტულია კრიტიკის მიმართ. მარგამ სააკაშვილმა არშემდგარი სახელმწიფო აქცია თანამედროვე ქვეყანად, რომელსაც ლიბერალური ეკონომიკა და ძლიერი საკრედიტო რეიტინგი აქვს. თავის მოწინააღმდეგეს მშვიდად უყურებს და ამბობს, "ივანიშვილი ჩვენთვის კარგიცაა, ფორმას არ დაგვაკარგვინებს". დამკვირვებლებიც ადასტურებენ, რომ საქართველოს პოლიტიკას მეტი კონკურენცია სჭირდება, მაგრამ ახალი აჯანყება არ აწყობს", - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ქართულ ვერსიას „ფორეინპრესი" აქვეყნებს.