საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის საზღვაო ძალების მდივანი რეი მეიბასი ეროვნულ სასწავლო ცენტრს "კრწანისს" ესტუმრება და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების საჩვენებელ სწავლებას დაესწრება.
გუშინ რეი მეიბასი თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მიიღო.
თავდაცვის მინისტრმა რეი მეიბასს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები და ISAF -ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილეს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის საზღვაო ძალების მდივანი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ივანე მერაბიშვილსაც შეხვდა.
რეი მეიბასი აშშ-ის საზღვაო და საზღვაო ქვეით ძალებს ხელმძღვანელობს.
ამერიკის საზღვაო ძალების მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება. იგი საქართველოდან დღეს გაემგზავრება.