საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ავღანეთში მიემგზავრება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 749 სამხედრო მოსამსახურე
ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას. ქართული სამშვიდობო ბატალიონი მისიას ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში, ჰელმანდის პროვინციაში შეასრულებს. ისინი ამერიკელ საზღვაო
ქვეითებთან ერთად 6 თვის განმავლობაში იქნებიან ოპერაციაში ჩართული.
სამხედროების გაცილების ცერემონია დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე, შეიარაღებული ძალების და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და
საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის ელჩები და სამხედრო ატაშეები ესწრებოდნენ. ქართველი სამხედროები ნატოს თავდაცვის
პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღებულ ძალთა განვითარების დაგეგმვის
დირექტორატის უფროსის ფრენკ ბოლანდის ხელმძღვანელობით ნატოს დელეგაციის წევრებმა
გააცილეს.
აღსანიშნავია, რომ 2010 წლის
აპრილიდან, ავღანეთის სამხრეთით მდებარე ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს
შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის 749 სამხედრო პირი გაიგზავნა, რომელიც აშშ-ის
სამხედრო ძალების მხარდაჭერით სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდა. 31-ე
ბატალიონი მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა 2010 წლის ნოემბრის თვის
განმავლობაში როტაციის წესით ჩაანაცვლა. 2011 წლის აპრილის შემდეგ სამშვიდობო
მისიას ჰელმანდის პროვინციაში 33-ე ბატალიონი აგრძელებდა. 31-ე
მსუბუქი ქვეითი ბატალიონი 33-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს.