მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ქართულ პოლიტიკაში ჩართვის შესახებ რუსული მედია ეხმაურება. "მილიარდერი ივანიშვილი სააკაშვილთან ბრძოლისათვის რუსულ ბიზნესს გაყიდის"- ამ სათაურით აქვეყნებს სტატას გაზეთი "ვედომოსტი".
"მილიარდერი ბიძინა (ბორის) ივანიშვილი, რომელსაც რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენების სიაში ჟურნალ "ფორბსის" ვერსიით 25-ე ადგილი უჭირავს, საქართველოს პოლიტიკაში აქტიურ ჩაბმას აპირებს, იმისათვის რათა საქართველოს ახლანდელ პრეზიდეტს ებრძოლოს, რომელსაც ივანიშვილი ხელისუფლების უზურპაციაში ადანაშაულებს", _ ნათქვამია სტატიის დასაწყისში და იქვე აღნიშნულია, რომ ჟურნალ "ფორბსის" მონაცემებით 55 წლის ივანიშვილის ქონება 5, 5 მილიარდს ითვლის.
"ივანიშვილი - რუსულ ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცული ფიგურაა. საქმიან ელიტაში ის პირველად 1991 წელს დაფუძნებული ბანკის "როსიისკი კრედიტის" თანამფლობელად შევიდა, მაგრამ თავად მის შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. ჰოლდინგ "უნიკორში", რომელიც ივანიშვილის ყველა აქტივს მართავს, აცხადებენ, რომ ბიზნესმენმა 1980 წელს თბილისის უნივერსიტეტი, ეკონომისტის დიპლომით დაამთავრა და 1982 წლიდან მოსკოვში გადავიდა, სადაც შრომის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი დაამთავრა. ის ბიზნესმენები, რომლებიც ივანიშვილს იცნობენ აცხადებენ, რომ მან თავისი კაპიტალის დაგროვება 1980-იანი წლების ბოლოს სამომხმარებლო ნივთების გაყიდვებით დაიწყო.
კოლეგა-ოლიგარქებისგან განსხვავებით, ივანიშვილი 1990 იანი წლების დასაწყისში ბანკის ოპერატიულ მმართველობას ჩამოცილდა. ამბობენ, რომ უკვე იმ დროიდან იგი თავისი დროის უმეტეს ნაწილს საზღვარგარეთ ატარებდა და არც არასოდეს უცდია პუბლიკაზე გამოჩენილიყო. "სემიბანკირშინის" ეპოქაშიც კი ბორის ელცინთან "როსკრედიტისგან" მისი პარტნიორი - ვიტალი მალკინი დადიოდა. "როსკრედიტი", რომელიც 1990-იანი წლების შუა ხანებში რუსეთის ათ უმსხვილეს ბანკში შედიოდა ნავთობისა და გაზის სექტორისა და "დიდი მეტალურგიის" პრივატიზაციის პროცესში არ დაუშვეს. თუმვა 1998 წელს ივანიშვილის ჯგუფმა სამ უმსხვილეს - ლებედინსკის, მიზაილოვსკის და სტოილენსკის კომბინატებზე კონტროლის დამყარება შეძლო", _ ნათქვმია სტატიაში და აღნიშნულია, რომ 2004 წელს "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ივანიშვილი საქართველოში დაბრუნდა. აქ მას ბანკი "ქართუ" და 600 ჰა მიწის ფართობი ეკუთვნის, რომელთაგან 300 ჰა - ვენახს უჭირავს. ამის შემდეგ სტატიაში აღნიშნულია, რომ 2005 წელს ივანიშვილმა მიხაილოვსკის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი ბიზნესმენებს ალიშერ უსმანოვსა და ვასილი ანისიმოვს 1, 65 მილიარდ აშშ დოლარად მიჰყიდა.
"ივანიშვილის კუთვნილი კომპანია "უნიკორი" თავს "რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს დივერსიფიცირებულ მმართველ კომპანიას" უწოდებს. მისი ძირითადი აქტივები თავმოყრილია ოთხ სექტორში:ფინანსები, უძრავი ქონება, ფარმაცევტული რიტეილი და სოფლის მეურნეობა.
თავის საიტზე "უნიკორი" წერს, რომ ააშენა და აშეენებს კომერციულ და საცხოვრებელ ობიექტებს, რომელთა საერთო ფართი დაახლოებით 1 მილიონი კვ/მ-ია. 2008 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, უძრავი ქონების სექტორში განთავსებული ინვესტიციები დაახლოებით 2 მილიარდ ევროს შეადგენს. ყველაზე მასშტაბურ პროექტებად კომპანია ხიმკის რაიონში "სადოვიე კვარტალი", მრავალფუნქციურ კომპლექსს SUMMIT ხუთვარსკვლავიანი სასტუმროთი InterContinental Moscow Tverskaya, სასტუმრო კომპლექსს "ლუქს ოტელ" და სოჭში ბიზნესკლასის საცხოვრებელ კომპლექსს "დომ-პიონერ"-ს მიიჩნევს, - აღნიშნულია სტატიაში.
ამასთან ერთად, სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ "უნიკორის" კუთვნილი დახურული სააქციო საზოგადოება "ერკაფარმი" "დოქტორ სტოლეტოვის" სააფთიაქო ქსელს მართავს, რომელიც რუსეთის 11 რეგიონში 433 სავაჭრო წერტილს ითვლის. ამას გარდა, "უნოკორის" სოფლის მეურნეობის აქტივები წარმოდგენილია აგროსამრეწველო კორპორაციით "სტოილენსკაია ნივა", რომელიც რუსეთის 8 რეგიონში მემცენარეობით, მეცხოველეობით, ფქვილისა და პურპროდუქტების წარმოებითაა დაკავებული. "უნიკორის" მონაცემებით, "სტოილენსკაია ნივა" რუსეთში პურის ქარხნების რაოდენობით მეორე ადგილზეა, ფქვილის წარმოებით - მესამეზე, კომბინირებული საკვების წარმოებით კი - მეხუთეზე.