ENG / RUS       12+

კობა დავითაშვილი: ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციის გაერთიანება შეუძლია

რესპოდენტის შესახებ

ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პარტიას ქმნის და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. მისი ეს გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი და ისევე როგორც პოლიტიკურ არენაზე, ასევე მედიაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. გაჩნდა კითხვები ითანამშრომლებს თუ არა ივანიშვილი ქართულ ოპოზიციასთან. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენი" "ხალხის პარტიის" ლიდერს კობა დავითაშვილს დაუკავშირდა.


- ბატონო კობა, როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ის პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს?

- გადაწყვეტილება, რომ შევაფასო ჯერ ოფიციალური განცხადება უნდა გაკეთდეს ივანიშვილის მხრიდან. როცა იქნება ოფიციალური განცხადება, სადაც პოლიტიკური კურსი დაფიქსირდება და როცა გამოჩნდება აპირებს ეს პარტია იყოს ხელისუფლების ფსევდო-ოპოზიცია თუ რეალური ოპოზიცია, აქედან გამომდინარე იქნება ჩემი დამოკიდებულება. თუ ეს პარტია იქნება რეალური ოპოზიცია ხელისუფლების, ბუნებრივია, ამას მივესალმები.

- როგორ ფიქრობთ, საპარლემენტო არჩევნებისთვის ბიძინა ივანიშვილს ეყოლება მხარდამჭერთა ის რაოდენობა, რომლითაც წარმატებას მიაღწევს?

- ეს დამოკიდებულია მის პოზიციაზე. ჯერ პოზიცია უნდა გაცხადდეს. ავანსად ვერც მოწონება იქნება და ვერც დაწუნება. ჩვენ ვართ ოპოზიციაში. ძალიან დაინტერესებული ვართ რეალური თანამებრძოლი შევიძინოთ. ბატონი ბიძინა იქნება ძალიან სერიოზული თანამებრძოლი, მაგრამ თუ ის გადაწყვეტს, რომ მისი პარტია იყო გაურკვეველი სტატუსით და ხან იქით იყოს და ხან აქეთ, ბუნებრივია ასეთი დაინტერესება ჩვენ არ გვაქვს. დღეს არამგონია არსებობდეს მესამე მხარის ნიშა. ან ხელისუფლების მხარე უნდა დაიკავოს პარტიამ ან ოპოზიციის. მე არ ვგულისხმობ ფსევდო-ოპოზიციას. აქედან გამომდინარე, მის პოზიციაზეა დამოკიდებული და იმედი მაქვს, რომ ეს პოზიცია იქნება საქმისთვის სასიკეთო.

- თქვენი საუბრიდან გამომდინარე, საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ ვთქვათ კრემლი იდგეს ამ გადაწყვეტილების უკან ან კრემლის თამაშს თამაშობდეს ივანიშვილი?

- იცით რა, მე ვიცნობ ბატონ ბიძინას და მე არა მგონია და ის ისეთი ადამიანია, რომ არა მგონია კრემლის თამაშს თამაშობდეს. ის დამოუკიდებელი პიროვნებაა. რამდენადაც ვიცი ბიზნესის დიდი ნაწილი გაიტანა რუსეთიდან და ის რუსეთის ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული.

- ექსპერტები აცხადებენ, რომ ბიზნესმენები პოლიტიკაში წარმატებას ხშირად ვერ აღწევენ. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი სარგებლობს საზოგადოებაში პოპულარული, იქნება თუ არა ასევე პოპულარული მისი პოლიტიკური კარიერა?

- ბიზნესმენსაც გააჩნია და ბიზნესმენსაც. ბატონი ბიძინას რეიტინგი ყოველთვის მაღალი ჰქონდა, რადგან ის აბსოლუტურად გულწრფელად ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას. ძალიან ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული. მას პოლიტიკისკენ არასდროს გადაუდგამს ნაბიჯი. ემიჯნებოდა პოლიტიკურ პროცესს და ჩემთვის ეს ბოლო განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა. მჯეროდა იმ განცხადების, რომ ის არ აპირებს პოლიტიკაში ჩართვას. თუმცა, მართალი გითხრათ არ მესმოდა მისი ეს პოზიცია. როდესაც კაცს შეუძლია საკუთარი ქვეყნის მდგომარეობა შეცვალოს უკეთესისკენ, ის არჩევდა რაღაც გაუგებარ ნეტრალურ პოზიციას. მართალი გითხრათ არ ვიზიარებდი და არ ვემხრობოდი ამას. მაგრამ, რახან გადაწყვიტა ეს, ბუნებრივია ეს ყველანაირად სწორი გადაწყვეტილებაა. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია სერიოზული გავლენის მოხდენა ქვეყნის ბედზე, უკვე ახდენს კიდეც ამას და თუ ის იქნება საჯარო ფიგურა, უკეთესი იქნება საზოგადოებისთვის, რადგან აქამდე ის საჯარო ფიგურა არ ყოფილა. უკეთესია ასეთი ადამიანები საჯარო ფიგურები იყვნენ და ეს შემიძლია ვთქვა იქამდე, სანამ ის თავის პოზიციას დააფიქსირებს. ის თუ რეალურ ოპოზიციის პოზიციას დაიკავებს, ბუნებრივია ასეთ დროს ჩვენ მხოლოდ მივესალმებით მის ამ გადაწყვეტილებას. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ხელისუფლების დამარცხების შანსებს. ხელისუფლებას უკვე ეშინია ივანიშვილს და მათი მხრიდან შეშინებული კომენტარები კეთდება.

- პოლიტიკაში წასვლის შესახებ განცხადება კიდევ ერთმა ბიზნესმენმა მინდია გულუამ გააკეთა. როგორ ფიქრობთ რას უკავშირდება ბიზნესმენების გააქტიურება პოლიტიკური კუთხით?

- ბატონ ბიძინასგან განსხვავებით ბატონი გულუასგან მხოლოდ განცხადებები ვიცით და საქმეები არა. გულუას მრავალი საქმეები დაუწყია და ჯერ არცერთი არ დაუმთავრებია, ამიტომ ნდობა მისი განცხადებების მიმართ ძალიან ნაკლებია.


- რამდენად დიდი იქნება სურვილი ოპოზიციური პარტიების მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან ან მის ფულთან თანამშრომლობის?

- ფულის ფაქტორი პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ძალა მიეტმასნება ბიძინა ივანიშვილის პარტიას მხოლოდ ფულის გამო. ეს ასეთი ფულია პარტიების უბედურებაა. ასე იყო პატარკაციშვილის პარტიაშიც. რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდელობას. პირდაპირ ვამბობ, რომ მემგონი უმჯობესი იქნება ბატონი ბიძინა გახდეს ოპოზიციური პარტიის წევრი. ჩვენ ასეთ თანამშრომლობას მხოლოდ მივესალმებოდით. ის თავისი პარტიით უნდა ჩაერთოს ოპოზიციურ ერთობაში. ამ შემთხვევაში ის მნიშვნელოვანი ძალა გახდებოდა ქართული ოპოზიციის, რომელიც ამ პერიოდში საერთო ენას ვერ ნახულობს და ერთიანობაზე ვერ თანხმდება. თუ ის კონტრუქციულ როლს ითამაშებდა ოპოზიციის გაერთიანების საქმეში, ხალხი ამას დაუფასებდა და ოპოზიციონერი კოლეგებიც მადლიერებით განიმსჭვალებოდნენ. მას ეს შეუძლია.

- ანუ, ბიძინა ივანიშვილს აქვს უნარი ოპოზიცია გააერთიანოს?

- კი, უდავოდ. ვურჩევდი გააკეთოს განმარტება, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რა იყო ამის მოტივი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მან აუცილებლად უნდა განაცხადოს ხელისუფლებასთან აპირებს თანამშრომლობას თუ ოპოზიციასთან.

- თუ ივანიშვილმა თანამშრომლობა შემოგთავაზათ, დათანხმდებით თუ არა?

- ჯერ პოზიცია უნდა დააფიქსიროს. წინასწარ მკითხაობას არ დავიწყებ. ორი დღეა დარჩენილი აქამდე. არსად არ გვეჩქარება. ამდენი წელია ვითმენთ ამდენ უბედურებას და ორ დღესაც მოვითმენთ.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ალექსანდრე ნაბახტეველი

 

ავტორი: . .