ყოფილი ჟურნალისტი და როდი სკოტის ფონდის თანამშრომელი შორენა ხანგოშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ხანგოშვილის ოჯახის ახლობლებმა აცნობეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს"კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, ხანგოშვილის გათავისუფლების ოფიციალური საფუძველი ჯერ უცნობია.
ხანგოშვილი სოდ-ის თანამშრომლებმა 16 სექტემბერს, ახმეტაში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გაგზავნა ან გასაღება) დასდო. დანაშაული შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ შორენა ხანგოშვილს 17 სექტემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მისი გათავისუფლების მოთხოვნით, პანკისის ხეობაში ორი დღეა საპროტესტო აქციები იმართებოდა.
21 სექტემბრიდან ხანგოშვოლის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იგეგმებოდა.