ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაპატიმრებულ მეტალურგებს, შ.პ.ს. "ევრაზიანსთილსის" ქუთაისის ქარხანა "ჰერკულესის" თანამშრომელთა გაფიცვის მონაწილეებს - ირაკლი იობიძეს, ემილო გუმბერიძეს, მალხაზ გოგიავას 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულებისთვის მიყენებული მუხლით გათავლისწინებული მაქსიმალური სასჯელის - 90 დღის შეფარდება იყო დაგეგმილი, მაგრამ საქართველოს პროფკავშირების კატეგორიული განცხადების შემდეგ, სხვა განაჩენი დადგა.
დაკავებულები გაასამართლეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დაკავებულებს ედავებოდნენ იმას, რომ ნარკოტიკებზე შემოწმების მოთხოვნას შეეწინააღმდეგნენ.
საქართველოს პროფკავშირებისთვის ცნობილია, რომ ირაკლი იობიძეს, ემილო გუმბერიძეს, მალხაზ გოგიავას სამართალდამცავებმა ნარკოტიკებზე შემოწმება ჩაუტარეს და ისინი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არ აღმოჩნდნენ. შესაბამისად, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ამ ადამიანების ინტერესებში არ შედიოდა.
სასამართლო სხდომამდე დაკავებულებმა უარი განაცხადეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მომსახურებაზე. საქართველოს პროფკავშირები ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაკავებამდე, ირაკლი იობიძე, ემილო გუმბერიძე, მალხაზ გოგიავა აქტიურად თანამშრომლობდნენ როგორც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურიდიულ სამსახურთან, ისე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალთან. შესაბამისად, მათსა და ამ როგანიზაციას შორის სრული ნდობა არსებობდა.
"ყველაფერი ზემოთ თქმული მიუთითებს იმაზე, რომ დაკავებულებზე სერიოზული ზეწოლა განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროფკავშირების მწავავე განცხადებამ მოვლენების განვითარებაზე ზემოქმედება იქონია, სასურველი შედეგისთვის იგი საკმარისი არ აღმოჩნდა. ამასთან, არსებობს დაპატიმრებულებზე ზეწოლის გაძლიერების სერიოზული საშიშროება", - აცხადებენ საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლები.
ამასთან დაკავშირებით, 21 სექტემბერს, საქართველოს პროფკავშირები მართავს შეხვედრას საქართველოში აკრედიტებულ დიპომატიურ კორპუსთან. საქართველოს პროფკავშირები, ასევე, ელოდება ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საელჩოს, ასევე საერთაშროსო ორგანიზაციის მოლაპარაკებების შედეგებს ხელისუფლებასთან, დაპატიმრებული მეტალურგების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. პროფკავშირების მომავალი სამოქმედი გეგმის დეტალები ამ შეხვედრების შემდეგ გაცხადდება.