სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულია ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის გამგებელი გელა მიქაცაძე, პერევისას გამგებელი ცოტნე ბარელაძე, გეზრულის გამგებელი ზვიად გელაშვილი და სოფელ ქვაციხის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელი კარპეზ გოგსაძე, აგრეთვე, ინდმეწარმე ზაზა გამეზარდაშვილი.
გამოძიებით დადგინდა, რომ „სოფლის დახმარების პროგრამის" ფარგლებში 2010 წლის მაისს-ივნისში, ზემოთ აღნიშნული სოფლების საკრებულოებს ტრაქტორების შესაძენად გამოეყოთ 35 743 ლარი. საბიუჯეტო თანხებიდან მატერიალური მოგების მიღების მიზნით, კ. გოგსაძე დანაშაულებრივად გაურიგდა სოფლების გამგებლებს გ. მიქაცაძეს, ც. ბარელაძეს, ზ. გელაშვილს. ასევე დაუკავშირდა ინდმეწარმე ზ. გამეზარდაშვილს და შესთავაზა გარიგებაში მონაწილეობა. შეთანხმების შემდეგ, ზ. გამეზარდაშვილმა ტექნიკის მეპატრონეებისგან, როგორც ინდმეწარმემ, მის სახელზე გადაიფორმა სასოფლო სამეურნეო ტექნიკა, შემდეგ ჭიათურის მუნიციპალიტეტთან გააფორმა ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტით მუნიციპალიტეტს ტრაქტორები გადასცა, რის შემდგომაც, საბიუჯეტო თანხები დაირიცხა ინდმეწარმის ანგარიშზე.
რეალურად ბრალდებულებმა მეპატრონეებს გადაუხადეს გამოყოფილ თანხაზე გაცილებით ნაკლები, სასაქონლო ზედნადებში კი დააფიქსირეს პროგრამის მიხედვით განსაზღვრული თანხა, აქედან გამომდინარე საბიუჯეტო ფინანსების დიდი ნაწილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ იქნა მითვისებული.
მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182 - ე მუხლის მეორე ნაწილის „ა"-„დ"ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას საერთო ჯამში 7 დან 11 წლამდე ვადით