დღეს, 19 სექტემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი არ იმუშავებს. პროტესტის ნიშნად, სკოლაში არც მოსწავლეები და არც მასწავლებლები არ მივლენ. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. დუისის მოსახლეობა შორენა ხანგოშვილის გათავისუფლებას ითხოვს. 11:00 საათზე, დუისის ცენტრში საპროტესტო აქცია განახლდება.
დღესვე, შორენა ხანგოშვილის მხარდასაჭერად, დუისში, ჩეჩნეთში მოკლული ინგლისელი ჟურნალისტის როდი სკოტის მშობლები ჩავლენ. შორენა ხანგოშვილი „როდი სკოტის" ფონდის თანამშრომელია. ფონდი, რომელიც მოკლული ჟურნალისტის მშობლებმა დაარსეს, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს. შორენა ხანგოშვილი პანკისის ხეობაში მცხოვრებ ბავშვებს ინგლისურს ასწავლიდა.
შორენა ხანგოშვილი სოდ-ის თანამშრომლებმა ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით, პარასკევს, ახმეტაში დააკავეს და იმავე დღეს თბილისში გადაიყვანეს. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.